თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოს პოლიცია თანამედროვე სახელმწიფოს სტანდარტებს შეესაბამება და საზოგადოებაში ნდობით სარგებლობს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე.
„დღეს ჩვენ გვყავს თანამედროვე სახელმწიფოს შესაფერისი პოლიცია, რომელსაც ენდობა და რომლის იმედიც აქვს საზოგადოებას… ამ თვალსაზრისით ჩვენ მოწინავე პოზიციებზე ვართ რეგიონში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პოლიცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად შემცირდეს დანაშაულის ფაქტები“, — განაცხადა პრემიერმა.
კვირიკაშვილის სიტყვებით, სამინისტრომ დანაშაულებრივ სამყაროს ბრძოლა გამოუცხადა და დანაშაულის ფაქტების აღსაკვეთად შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო და სამართალდამცავი ორგანოები ქვეყანაში წესრიგს უზრუნველყოფენ, რომ დამნაშავეები აუცილებლად იქნებიან დასჯილი და ნებისმიერი კანონდარღვევა რეაგირების გარეშე არ დარჩება, აღნიშნა პრემიერმა.
„ამავე დროს, საზოგადოებას უნდა სჯეროდეს, რომ დანაშაულთან ბრძოლა ადამიანის უფლების დარღვევის ფაქტზე არ მოხდება“, — განაცხადა მან.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა შს სამინისტოს, რომელიც, კვირიკაშვილის სიტყვებით, წარმატებით უმკლავდება რთულ საქმეს — ოგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, ნარკოდანაშაულსა და არალეგალთა მიგრაციას.
საქართველოში პოლიციის დღე 2010 წლის აპრილის თვეში, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე დაწესდა. თავიდან პოლიციის დღეს 6 მაისს აღნიშნავდნენ, მაგრამ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საქართველოში პოლიციის დღე თავიდან 30 მაისს, შემდეგ კი 2 ივნისს იზეიმეს.
ამ ეტაპზე შს სამინისტროში 32 ათასი პოლიციელია დასაქმებული.