თბილისი, 31 მაისი — Sputnik. სადღესასწაულო ღონისძიებების მომზადებასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიციის დღეს ეძღვნება, შსს–ის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
2 ივნისს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება.
დღეს, 31 მაისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ე.წ. ჯავახეთის ხიდიდან „სამგორის“ მეტრომდე — ნოე რამიშვილის ქუჩასა და კახეთის გზატკეცილზე აიკრძალება.
მძღოლები ქალაქის ცენტრისკენ ალტერნატიული მარშრუტით შეძლებენ მოძრაობას: კახეთის გზატკეცილიდან ჯავახეთის ქუჩის, მოსკოვის პროსპექტისა და ქეთევან დედოფლის ქუჩების გავლით.
2 ივნისს:
• დილის 9 საათიდან ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება ნოე რამიშვილის ქუჩაზე, გადაკეტილი იქნება კახეთის გზატკეცილიც — ჯავახეთის ხიდებიდან „სამგორის“ მეტრომდე.
• 10:00 საათიდან მოძრაობა გადაიკეტება ჯორჯ ბუშის ქუჩის დასაწყისიდან ჯავახეთის ხიდებამდე.
აეროპორტამდე მისვლა მოსკოვის პროსპექტითა და ქეთევან დედოფლის პროსპექტით, ჯავახეთის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა სადღესასწაულო ღონისძიებების დამთავრებისთანავე აღდგება.