თბილისი. 1 ივნისი — Sputnik. 20 წლამდელთა კატეგორიის საქართველოს რაგბის ნაკრები მანჩესტერში ჩავიდა, სადაც 7-25 ივნისს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.
ტურნირზე პირველი მატჩისათვის-მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების ახალზელანდიელების წინააღმდეგ დღეიდან დაიწყებენ მომზადებას. თამაში 7 ივნისს გაიმართება.
„ჩვენს ისტორიაში ყველაზე რთული ტურნირის ჩატარება მოგვიწევს. თამაშები ყოველ მეოთხე დღეს იქნება. შეცდომებზე სამუშაოდ ბევრი დრო არ გვექნება. მატჩებს შორის დროს აღდგენასა და თამაშების ანალიზს დავუთმობთ. ამიტომაც ის მოთამაშეები შევარჩიეთ, რომლებიც რამოდენიმე პოზიციაზე თამაშს შეძლებენ“,- აღნიშნა მაისურაძემ.
პირველ რიგში საუბარია ქართული ნაკრების კაპიტანზე ვასილ ლობჟანიძეზე, ყველაზე გამოცდილ მოთამაშეზე. შარშან ლობჟანიძემ მოზრდილთა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა და ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც მსოფლიო პირველობაზე ითამაშა. ტონგას წინააღმდეგ მატჩის დროს ის 18 წლისა და 340 დღის იყო.
მაისურაძე ასევე იმედებს ბექა გორგოძისა და გიორგი მელიქიძის გამოცდილებას ამყარებს, რომლებიც საქართველოს ძირითადი ნაკრების შემადგენლობაში არაერთხელ გამოსულან.
„ასეთ ტურნირებში გამოცდილ მოთამაშეებს გუნდში მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნით. მათ ბიჭებს უნდა დაეხმარონ გაუძლონ წნეხს, რომელსაც უფრო გამოცდილი ნაკრებებისგან იგრძნობენ“,-ხაზი გაუსვა ქართული გუნდის მწვრთნელმა.
მაისურაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებს ბირთვი გააჩნია. ეს შეთამაშებული მოთამაშეების მთელი ჯგუფია, რომლებიც ქვეყნის ყველა ასაკის ნაკრებში ერთად გამოდიოდნენ.
გარდა ახალი ზელანდიისა, „ა“ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეთოქეებია:უელსი- U-20 ექვს ერთა თასის გამარჯვებული და ირლანდია. პირველ გუნდს ქართველები 11 ივნისს ხვდებიან, ირლანდიელებს კი 15-ში.
სულ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას სამ ქვეჯგუფად დაყოფილი 12 გუნდი იღებს. თითოეული კვარტეტის გამარჯვებული და მეორე ადგილის მფლობელი საუკეთესო გუნდები ტურნირის ნახევარფინალში გადადიან.
ორი დარჩენილი ნაკრები, მეორე ადგილის მფლობელებიდან და მესამე პოზიციების მქონე ორი საუკეთესო გუნდი მეხუთედან მერვეს ჩათვლით ადგილებს გაითამაშებენ. მეცხრედან მეთერთმეტეს ჩათვლით ადგილებზე იბრძოლებენ მესამე ადგილის მქონე ყველაზე სუსტი გუნდი და მეოთხე პოზიციის მქონე სამი საუკეთესო გუნდი.
ნაკრები, რომელიც ტურნირზე ბოლო ადგილს დაიკავებს, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. ეს არ ახება საქართველოს ნაკრებს, რადგანაც 2017 წელს მსოფლიო პირველობა საქართველოში ჩატარდება.