თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია თავისუფალ, სამართლიან, მდგრად განვითარებაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში ქართულ-სლოვაკური ბიზნეს-ფორუმის გახსნაზე.
ღონისძიებაზე საქართველოს საინვესტიციო გარემოს პრეზენტაცია და ქართველ და სლოვაკ ბიზნესმენებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა. ბიზნეს-ფორუმი სლოვაკეთის პრეზიდენტის ანდრეი კისკას საქართველოში ვიზიტის ფარგლაბში მოეწყო.
„საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია მსოფლიოში, გულისხმობს თავისუფალ სავაჭრო რეჟიმს და გამარტივებულ საბაჟო პროცედურებს, დაბალ ტარიფებს იმპორტზე და მსუბუქ არასატარიფო რეგულაციებს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მსოფლიოს წამყვან ბაზრებთან ინტეგრაციის გზით ჩვენი ექსპორტის დივერსიფიკაცია,“ — განმარტა პრემიერმა.
ფორუმის მონაწილეებთან კვირიკაშვილმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც მოიცავს საგადასახადო კანონმდებლობისა და ადმინისტრირების გაუმჯობესებას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რეფორმების მიზანია ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესება, საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოება, სამუშაო ადგილების შექმნა, და მოქალაქეთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
საქართველოს პრემიერმა შეკრებილებს მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის (ტექნოპარკის, სადაც მიმდინარეობდა ბიზნეს-ფორუმი) შესაძლებლობები გააცნო. მისი თქმით, სულ მალე დაიწყება ე.წ. სტარტაპების პროგრამა, რომლის ფარგლებში ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცემათ, მიიღონ დაფინანსება თავიანთი ბიზნესიდეების განსახორციელებლად.
კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე ბიზნესფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებას. ანდრეი კისკას სიტყვებით, საჭიროა არსებული პოტენციალის გამოყენება, რაც ორივე ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი იქნება.
ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და სლოვაკეთის ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
ღონისძიება ორგანიზებულია საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, სლოვაკეთის ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარების სააგენტოს და ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ (GEA) მიერ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პარტნიორობით.
სლოვაკური დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 1 ივნისამდე გაგრძელდება.
2015 წელს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის გარესავაჭრო ბრუნვამ 23,3 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის საქართველოდან იმპორტმა დაახლოებით 7 მილიონი დოლარი, ხოლო სლოვაკეთიდან იმპორტმა-17,4 მილიონ დოლარზე მეტს მიაღწია.
საქართველომ და სლოვაკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვარში დაამყარეს. ქვეყნებმა გააფორმეს ხუთი ხელშეკრულობა და რიგი უწყებათაშორისი შეთანხმება, რომელთა წყალობით შემოსავლებზე და კაპიტალზე გადასახადები მოხსნილია.