თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველო მდიდარი ისტორიისა და ძალიან ლამაზი ბუნების ქვეყანაა, აღნიშნა სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ეს სლოვაკეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია საქართველოში მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
„საქართველო მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის ქვეყანაა, სადაც ულამაზესი ბუნებაა. თქვენს ქვეყანაში გატარებულ პირველივე საათებში მივხვდი, რომ აქედან წარუშლელი შთაბეჭდილებებით წავალ“, — განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.
ანდრეი კისკას განცხადებით, ის საქართველოს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის იმპულსის მისაცემად ეწვია.
„ბედნიერი ვარ, რომ ჩემთან ერთად ბიზნესმენების ჯგუფიც ჩამოვიდა… ჩვენ შევისწავლით, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ორი ქვეყნის ეკონომიკას — იქნება ეს ბიზნესი თუ ტურიზმი. ვიცი, რომ თქვენს კულტურას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და იმედი მაქვს, რომ ერთმანეთისთვის უამრავი პოზიტიური სიურპრიზის შეთავაზებას შევძლებთ“, — განაცხადა კისკამ.
ისაუბრა რა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, სლოვაკეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანამ, ყველა სიძნელის მიუხედავად, არ უნდა შეწყვიტოს ამ მიმართულებით მოძრაობა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ასევე ისაუბრა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე.
„ჩვენ ტრადიციულად ვთანამშრომლობთ როგორც კულტურის, ისე სამხედრო სფეროში. იქმნება თანამშრომლობის შესაძლებლობები ბიზნეს–ურთიერთობების თვალსაზრისით… მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის იზრდება ტურიზმი, კულტურული ურთიერთობები და თანამშრომლობის სხვა ფორმები“, — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე.
სლოვაკეთის პრეზიდენტი საქართველოში 29 მაისს ჩამოვიდა. ის მონაწილეობას მიიღებს თბილისსა და ბათუმში დაგეგმილ ბიზნეს–ფორუმებში.
ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება მემორანდუმის გაფორმება საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და სლოვაკეთის ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარების სააგენტოს შორის.