თბილისი, 30 მაისი– Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ თბილისში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
სლოვაკეთის პრეზიდენტი, დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ ბიზნესმენებთან ერთად, ბიზნეს-ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თბილისსა და ბათუმში გაიმართება. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და სლოვაკეთის ვაჭრობის განვითრებისა და ინვესტიციების სააგენტოს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმება.
„მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, ვიზიტის ფარგლებში საუბარი ეკონომიკური მიმართულებასაც შეეხება, გაიმართება ბიზნეს-ფორუმი. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონები მოინახულონ“, — განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანმა საქართველოსა და სლოვაკეთის პირველი პირების შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მარგველაშვილმა და კისკამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახური.
ვიზიტის ფარგლებში სლოვაკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდება. ანდრეი კისკას ოფიციალური ვიზიტი 2 ივნისს დასრულდება.
საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის ფარგლებში სლოვაკეთის პრეზიდენტის ვიზიტი პირველია ჩვენს ქვეყანაში. უცხოელუი სტუმრის ოფიციალური მიღების ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში დღეს გაიმართა.
2015 წელს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის გარესავაჭრო ბრუნვამ 23,3 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის საქართველოდან იმპორტმა დაახლოებით 7 მილიონი დოლარი, ხოლო სლოვაკეთიდან იმპორტმა-17,4 მილიონ დოლარზე მეტს მიაღწია.
საქართველომ და სლოვაკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვარში დაამყარეს. ქვეყნებმა გააფორმეს ხუთი ხელშეკრულობა და რიგი უწყებათაშორისი შეთანხმება, რომელთა წყალობით შემოსავლებზე და კაპიტალზე გადასახადები მოხსნილია.
საქართველოს საელჩო სლოვაკეთში 2006 წელს გაიხსნა, საქართველოში კი სლოვაკეთის საელჩო —2014 წელს.