თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც, როგორც თავად წერს, მოსახლეობას ანგარიშს აბარებს.
წერილის ერთ–ერთი პუნქტი ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიას ეხება. ივანიშვილი განმარტავს, რომ მიუხედავად საქართველოს პროდასავლური კურსისა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით.
„დასავლური კურსი არ ნიშნავს, რომ პატივისცემით არ მოვექცევით მეზობლებს და არ გავითვალისწინებთ მათ ინტერესებს. პირიქით, ჩვენი სტრატეგია გულისხმობს მეგობრული ურთიერთობების დამყარებას ყველა მეზობელ და არამეზობელ ქვეყანასთან. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ინტერესების შეულახავად შევძლოთ ურთიერთობის ნორმალიზება რუსეთთან“, — ნათქვამია ივანიშვილის ღია წერილში.
ამასთან ყოფილი პრემიერი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საგარეო ორიენტირი ერთმნიშვნელოვნად არის ევროატლანტიკური მიმართულება და მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამდე ჯერ კიდევ დიდი მანძილია, ქვეყანამ მაინც არ უნდა გადაუხვიოს არჩეულ კურსს.
„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირში საქართველოს მიღების საკითხი უახლოეს დღის წესრიგში არ დგას. ასევე გარკვეული ლოდინი დაგვჭირდება, ვიდრე ნატოს წევრები გავხდებით, რადგან ეს რთული გეოპოლიტიკური პროცესის ნაწილია და მხოლოდ ჩვენს სურვილსა და მზადყოფნაზე არ არის დამოკიდებული… საქართველოს საგარეო კურსი და ორიენტირი ერთმნიშვნელოვნად არის ევროატლანტიკური მიმართულება და… ევროატლანტიკური სტრუქტურებში შევალთ მაშინვე, როგორც კი ჩვენი მეგობრები და პარტნიორები კარის გაღებას შეძლებენ“, — წერს ექს–პრემიერი.
ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში საკუთარ თავზეც საუბრობს და ამბობს, რომ ყველა მისი ნაბიჯი მხოლოდ „იმას ემსახურება, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო სანდო და საინტერესო გახდეს ინვესტორებისთვის, უფრო მიმზიდველი — ტურისტებისთვის“.
რაც შეეხება წერილის მიზანს, ყოფილი პრემიერი განმარტავს, რომ ეს უბრალოდ მისეული ანალიზია, რომელსაც ის საკუთარ თანამოქალაქეებს სამსჯელოდ სთავაზობს, რათა სანამ არჩევნებზე გადაწყვეტილებას მიიღებენ, გააცნობიერონ, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი „ქართულ ოცნებასა“ და პარტიის თავმჯდომარეს, გიორგი კვირიკაშვილს.