თბილისი, 30 მაისი — Sputnik. თბილისში საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს პეპელა“ ტარდება — კინოფორუმზე საკონკურსო ნამუშევრების პრეზენტაცია 30 მაისს გაიმართა.
წლევანდელ ფესტივალში ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აშშ-სა და ბანგლადეშის ქვეყნების ახალგაზრდა კონემატოგრაფისტები მონაწილეობენ. საკონკურსო პროგრამაში 70 მოკლემეტრაჟიანი, მხატვრული, ანიმაციური და დოკუმენტური ფილმია შესული.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, „ოქროს პეპელა“, ტრადიციულად, ყველა ჟანრის ფილმისთვის ღიაა.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები თანამედროვე კინემატოგრაფისტებთან, ასევე გაიმართება პროფესიონალური სემინარები ოთხ სექციაში: სცენარისტებთან მუშაობა, რეჟისორებთან მუშაობა, ოპერატორული ხელოვნება და სამსახიობო ოსტატობა.
ფესტივალის მონაწილეებს ასევე ელოდებათ პრაქტიკული გადაღებები კოჯორში, სადაც კონკურსანტები ჯგუფებად განაწილდებიან, ოთხ განსხვავებულ ფილმს გადაიღებენ, თავადვე დაამონტაჟებენ და ფესტივალის ფინალზე წარადგენენ.
საბავშვო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე კინომცოდნე და პროფესორი გოგი დოლიძეა. ჟიურის შემადგენლობაში ასევე იქნებიან ბულგარეთისა და ბელარუსის კინოხელოვნების წარმომადგენლები.
ფესტივალის ფინალზე, რომელიც 1 ივნისს გაიმართება, ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს წითელი ხალიჩა და დაჯილდოების ცერემონია ელოდებათ.
ყველა ღონისძიება თბილისის ევროპულ სკოლაში იმართება.
საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს პეპელა“ საქართველოში 2011 წლიდან ტარდება. ამ დროის განმავლობაში კინოფორუმზე დაახლოებით 500 ქართული და 70 უცხოური მხატვრული, ანიმაციური და დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.
წლევანდელი „ოქროს პეპელა“ სამთავრობო პროგრამა Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება, რომელიც მსოფლიოში საქართველოს პოპულარიზაციასა და საერთაშორისო იმიჯის ამაღლებას ემსახურება.