თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება დაავალა, რომლითაც გამკაცრდება სანქციები პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებაზე.
კვირიკაშვილმა შესაბამისი დავალება წულუკიანს სოფელ კორცხელში შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ მისცა, როდესაც „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„როგორც ჩანს, პრემიერ ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობას პრემიერისას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მშვიდობიან გარემოში არჩევნების ჩატარება“, — განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა.
კვირიკაშვილი „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერია, პარტიის, რომელმაც „ნაცმოძრაობის“ წევრებზე თავდასხმა მოაწყო, აღნიშნა დეპუტატმა.
„ეს განცხადება შეიძლებოდა გაეკეთებინა რომელიღაც უმნიშვნელო პარტიის ლიდერს, მაშინ იქნებოდა ადეკვატური,“ — განაცხადა სერგო რატიანმა.
„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა ორშაბათს საქართველოს მთავარ პროკურატურაში კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სარჩელი შეიტანეს. ისინი ირწმუნებიან, რომ გამოძიების დაწყება აუცილებელია მუხლით „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება“ და „თავდასხმა პოლიტიკურ თანამდებობის პირზე“ და არა მუხლით „ცემა“, როგორც ეს შსს-მ გააკეთა.
კვირას, თვითმმართველობის შუალედური არჩევნების მიმდინარეობის დროს ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში ფიზიკურად გაუსწორდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას, თენგიზ გუნავასა და სხვებს. ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ჩხუბი „ქართულმა ოცნებამ“ დაგეგმა და ამისთვის ზუგდიდში კასტეტებითა და რკინის ხელკეტებით შეიარაღებული მოჭიდავეები და მორაგბეები თბილისიდან ჩაიყვანა.
.