თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ირწმუნება, რომ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის დროზე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნის იდეით აღფრთოვანებული იყო, თუმცა, მხოლოდ „სასაცილო“ შენობის აშენება შეძლო.
ივანიშვილმა ამის შესახებ ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. ინსტიტუტი იტალიის, შვეიცარიის, იაპონიისა და ავსტრიის შემდეგ, მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ტექნოლოგიური ინსტიტუტი იქნება. სააკაშვილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნას ჯერ კიდევ 2013 წელს აპირებდა. ამისთვის ბათუმში ახალი შენობა აშენდა.
„ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა თავიდანვე ჩემი იყო. ეს იყო დაახლოებით 8 წლის წინ, როდესაც დავიწყე და თქვენი ლიდერი სააკაშვილი საოცრად აღფრთოვანებული იყო ამით… როგორ შეიძლება ამას უნივერსიტეტი უწოდო, იქ მხოლოდ ლიფტის შახტა იყო, ხოლო აუდიტორიები იქ ვერ მოთავსდებოდა“, — განაცხადა ივანიშვილმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისადმი მიმართვისას.
თბილისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა დიდი პროექტის მხოლოდ ნაწილია. ექს-პრემიერის თქმით, მეორე ნაწილი სექტემბერში ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის გახსნაა.
„თქვენ ნახავთ, როგორი იქნება პროექტი… შემდეგ ჩადით ბათუმში და ნახეთ, რამდენად შეესაბამება ეს სასაცილო შენობა ამ დიდ ჩანაფიქრს“, — განაცხადა ივანიშვილმა.
ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას ექს-პრემიერმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კვლავ გააკრიტიკა და მას „ნაცმოძრაობის“ სააგიტაციო ტელევიზია უწოდა.
„რუსთავი 2“ გახლავთ სააგიტაციო ტელევიზია, ჰკითხეთ თქვენს „ნაციონალებს“, რა გაუკეთეს მათ მეცნიერებას. რეალურად, მათ მეცნიერება გაანადგურეს… ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ მეცნიერებას ყურადღება მიექცა, რაც ახალი გუნდითა და ახალი ძალებით გაგრძელდება. პოლიტიკოსებიც და მეცნიერებიც ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჩვენს მეცნიერებას ღირსება დაუბრუნდეს“, — აღნიშნა მან.
ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის ინიციატივა საქართველოს მთავრობას ეკუთვნის. პროექტს მთლიანად საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.
ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ბათუმში უნივერსიტეტის მშენებლობა გაიყინა. 2014 წელს შენობა ბალანსზე „ბათუმი თაუერს“ გადაეცა. 2015 წლის მარტში ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა 25 მლნ 4 ათას 626 აშშ დოლარად გაიყიდა.
2015 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მაინც აშენდება, მაგრამ მას ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს და არა ამერიკული კორპორაცია „მილენიუმი — ათასწლეულის გამოწვევა“.
ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის მიზანია ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი კომპლექსის ჩამოყალიბება, სადაც განხორციელდება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, ინჟინერიისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროებში.
ახალ ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ასევე შეიქმნება თანამედროვე სამეცნიერო-ექსპერიმენტული ბაზა კვლევებისთვის, რომლებიც აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისთვის.