საქართველოში მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ტექნოლოგიური ინსტიტუტი გაიხსნება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალ სამეცნიერო-კვლევით კომპლექსში განხორციელდება პროგრამები ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, ინჟინერიისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგებში.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოში, იტალიის, შვეიცარიის, იაპონიისა და ავსტრიის შემდეგ, მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ტექნოლოგიური ინსტიტუტი დაიწყებს ფუნქციონირებას.

ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის ინიციატივა საქართველოს მთავრობას ეკუთვნის. პროექტს მთლიანად საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

„ტექნოლოგიური ინსტიტუტი ეპოქალური მნიშვნელობის პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის… დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინსტიტუტი გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი რეგიონში“, — განაცხადა პროექტის პრეზენტაციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერები, პროფესორები, სტუდენტები, ასევე საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის მიზანია ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი კომპლექსის ჩამოყალიბება, სადაც განხორციელდება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, ინჟინერიისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროებში.

ახალ ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ასევე შეიქმნება თანამედროვე სამეცნიერო-ექსპერიმენტული ბაზა კვლევებისთვის, რომლებიც აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისთვის.

„ჩვენს სტუდენტებს ექნებათ საშუალება, აქტიურად ჩაერთონ მსოფლიო სამეცნიერო კვლევებში… ჩვენ ვიწყებთ იშვიათი, ძვირადღირებული, ძალიან პერსპექტიული პროექტის განხორციელებას, რაც დიდ სიკეთეს მოუტანს როგორც ჩვენს ხალხს, ისე მთელ რეგიონს”, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინსტიტუტში ასევე გამოიყენებენ ერთ-ერთ უახლეს კვლევით მეთოდს — სიმსივნის ადრონულ თერაპიას, რომელიც კიბოს უჯრედებს მაქსიმალურად ეფექტურად ანადგურებს და ჯანმრთელობას არ აზიანებს.

ყველა ახალი ამბავი
0