თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოში 2008 წლის ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოვედი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, ჩემი მეგობრების თქმით, ნაციონალისტური შეხედულებების ადამიანს შევხვდი, რომელმაც მეგობრული საუბრისას დაიჩივლა, ჩვენს ბიბლიოთეკას მთელი მსოფლიოდან უგზავნიან საჩუქრად წიგნებს, რუსეთმა კი წიგნების გამოგზავნა დიდი ხნის წინ შეწყვიტაო, გაიხსენა Sputnik-თან საუბრისას პროფესორმა ევგენი კოჟოკინმა.
„რუსეთი არაა დაინტერესებული საქართველოსა და ქართველების გაუცხოებით. ჩვენთვის, რუსებისთვის, ამ განსაკუთრებული კრეატიულობით გამორჩეულ ერთან მუდმივი დიალოგი ყოველთვის ნაყოფიერი და აბსოლუტურად ორგანული იყო“, — აღნიშნა პროფესორმა.
ევგენი კოჟოკინს მიაჩნია, რომ ორ ხალხს შორის ურთიერთობების ფუნდამენტი პოლიტიკამ ჩაშალა, თუმცა, მისი აზრით, პოლიტიკას ადამიანები ქმნიან და ისევ ხალხმა უნდა აღადგინოს ნაბიჯ–ნაბიჯ ორ მეზობელ ერს შორის ურთიერთობა.
„ადამიანებს შეუძლიათ და ვალდებულიც არიან აღადგინონ ურთიერთობა ორ, კულტურისა და ისტორიის თვალთახედვით ძალზე ახლობელ ერს შორის. არსებობს ეკონომიკური იმპერატივები, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას მოითხოვს“, — განმარტა კოჟოკინმა.
მისი თქმით, რუსეთისთვის გზა ირანისკენ, თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთისკენ სწორედ საქართველოზე გადის, ხოლო საქართველოსთვის, მისი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის რუსეთის ბაზარი სასიცოცხლოდ აუცილებელია.