თბილისი, 22 მაისი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრირორი კარასინის შეხვედრა, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს გაიმართება, განაცხადა სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ აბაშიძემ.
„მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, ივნისის თვის ბოლოს შედგება“, — განაცხადა აბაშიძემ.
შეხვედრაზე, რომელიც პრაღაში გაიმართება, ქართული მხარე ხურჩაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საკითხს აუცილებლად დააყენებს, განაცხადა ზურაბ აბაშიძემ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
რუსული მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. სამხედრო პროკურატურამ ხურჩაში მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ინცინდენტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა რუსულ მხარეს დააკისრა, ხოლო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, თავის მხრივ, აღძრა სისხლის სამართლის საქმე და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეში აფხაზ „მესაზღვრეს“ რაშიდ კანჯიოღლის ბრალი დასდო.
„ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ამ საკითხს. ეს უბრალო თემა არ არის და მისი გადაჭრა ხელის ერთი მოსმით შეუძლებელია… საქართველოს ყველა შესაბამისმა უწყებამ სათანადო განცხადებები უკვე გააკეთა. ჩვენ ყველა შესაძლო მექანიზმს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ამაში საერთაშორისო საზოგადოება ჩავრთოთ“, — განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს.
ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. შეხვედრის ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, მასზე ვაჭრობის, ტრანსპორტისა და კულტურილ-ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთობის საკითხი.