თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების შუალედური არჩევნების ჩატარებისთვის მზადაა, განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.
ადგილობრივი არჩევნები საქართველოში 2014 წელს ჩატარდა.
შუალედური არჩევნები ექვს რაიონსა და ერთ ქალაქში კვირას ჩატარდება. სულ 45 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 54,3 ათასი ადამიანია.
გარდაბნისა და ოზურგეთის საკრებულოებში ორ–ორ დეპუტატს აირჩევენ.
თითო–თითო დეპუტატს აირჩევენ თბილისში, ასევე კასპის, წყალტუბოს, ხობისა და ზუგდიდის რაიონებში.
„თითოეულ უბანს ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია და ინვენტარი გადავეცით: საარჩევნო ბიულეტენები, მათ შორის ორენოვანი ბიულეტენები აზერბაიჯანული თემისთვის, შემაჯამებელი ოქმები, ასევე გამადიდებელი ლინზები სუსტი მხედველობის ამომრჩევლისთვის“, – განაცხადა მიქელაძემ.
არჩევნებს 292 დამკვირვებელი დააკვირდება.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან კოალიცია „ქართული ოცნების“, პარტიების – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „თავისუფალი საქართველოს“, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „სახალხო ხელისუფლების“ წარმომადგენლები.
კანდიდატები შვიდივე საარჩევნო ოლქში მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.
ენმ–ისა და „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლები დეპუტატობისთვის ოთხ საკრებულოში იბრძოლებენ.
„სახალხო ხელისუფლებამ“, რომლის წევრია ინტერპოლით ძებნილი, ქვემო ქართლის ექს–გუბერნატორი ლევან მამალაძე, კანდიდატები ოთხ ოლქში წარადგინა.
„თავისუფალ დემოკრატებს“ მხოლოდ ერთი კანდიდატი ჰყავთ.
თბილისის გლდანის რაიონის საკრებულოში „ქართული ოცნების“, „თავისუფალი საქართველოსა“ და „სახალხო ხელისუფლების“ კანდიდატები იბრძოლებენ.
საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნება. კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება.