თბილისი, 20 მაისი — Sputnik. მიმები პოლონეთიდან, იაპონიიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალი 20-24 მაისს გაიმართება.
რიგით მეორე ფესტივალი, ტრადიციისამებრ, პანტომიმის სახელმწიფო თეატრის სცენაზე ჩატარდება.
ღონისძიებას რეჟისორ დავით შალიკაშვილის „შექსპირის სონეტები“ გახსნის, სადაც ინგლისელი პოეტისა და დრამატურგის სონეტები პლასტიკის ენაზე იქნება წარმოდგენილი. სპექტაკლი შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლის იუბილეს ეძღვნება.
პანტომიმის ქართული თეატრი ასევე აჩვენებს დადგმებს: Stop AIDS — ნარკოტიკების დამღუპველი მოქმედების შესახებ, „აკვანი“, „ლუარსაბი“ და „გიჟი ოლიმპიელები“, რომელიც საქართველოში პანტომიმის მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტმა მარკო სტოიანოვიჩმა დადგა.
ქართულ სცენაზე თავის შემოქმედებას წარმოადგენენ Physical Form Theatre (პოლონეთი, სპექტაკლი „მხოლოდ შენთვის“), „კაბუკის“ თეატრი (იაპონია, მონოსპექტაკლი „რიჩარდი“), აზერბაიჯანული სახელმწიფო თეატრი („ბოლო შტრიხი“).
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება პანტომიმის ისრაელელი არტისტისა და რეჟისორის ოპერ ბლუმის მასტერ-კლასი, ასევე შეხვედრა ფესტივალის დამაარსებელთან — 77 წლის ამირან შალიკაშვილთან. ფესტივალის მონაწილეები და სტუმრები ქართული პანტომიმის პიონერის შესრულებით ხელების უნიკალურ პერფომანსს იხილავს.