თბილისი, 20 მაისი — Sputnik. თბილისში პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ქალი და ხელოვნება ეკონომიკის განვითარებისათვის“ 20 მაისს გაიხსნა.
კონფერენციის ინიციატორია „ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაცია“, რომლის ლიდერიც გამოჩენილი ქართველი რეჟისორი ლანა ღოღობერიძეა.
„1988 წელს კინოკრიტიკოს მაია ტუროვსკაიასთან — ამ იდეის ავტორთან ერთად „ქალ-კინემატოგრაფისტთა საერთაშორისო ასოციაცია“ დავაარსეთ. მაშინ პრეზიდენტად ამირჩიეს. ასოციაციამ რამდენიმე წელი იარსება და საკმაოდ — საინტერესოდ. თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ასოციაციაც დაიშალა. და აი, ახალგზარდა ქართველ ხელოვან ქალებს გაუჩნდა იდეა, რომ რაღაც მსგავსი შეექმნათ“, — განუცხადა Sputnik-ს ღოღობერიძემ.
ღოღობერიძის თქმით, კონფერენციის მონაწილეები — ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ახალგაზრდა ქალები საერთაშორისო კავშირების დამყარებასა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას შეძლებენ.
კონფერენცია 20-21 მაისს სასტუმრო „რუმს თბილისში“ გაიმართება. პროექტში მონაწილეობას იღებენ ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები — მსახიობები, მომღერლები, რეჟისორები, ფოტოხელოვანები, მუსიკოსები, ქორეოგრაფები და ა.შ. საქართველოდან, რუსეთიდან, ინდოეთიდან, აშშ-იდან, იუწყება თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი.
ღონისძიების საპატიო სტუმარია ცნობილი ინდოელი კინომსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი და პოლიტიკოსი ჰემა მალინი.
ღონისძიებაზე გაიხსენებენ დიდ ქართველ ხელოვან ქალებს, მათ შორის ცნობილ მსახიობს სოფიკო ჭიაურელს, რომლის დაბადების დღე 21 მაისს არის.
გარდა ამისა, კონფერენციის ფარგლებში გაიმართება კონცერტი, კინოჩვენებები, ფოტოკონკურსი და გამოფენა.
კონცერტს მხარს უჭერენ თბილისის მერია და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.