-ბატონო არჩილ, გასული კვირის ყველაზე ხმაურიანი მოვლენები იყო „ქართული ოცნების“ ყრილობა და თამაზ მეჭიაურის სკანდალური განცხადებები.
— სერიოზული თემით დავიწყებ. ყრილობა ჩატარდა მშვიდად, უხმაუროდ და შეასრულა ის ფუნქცია, რაც ჰქონდა დაკისრებული, ანუ აირჩიეს პარტიის თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს ახალი წევრები. რატომ მოყვა ამას დიდი აჟიოტაჟი ჩემთვის ცოტა გაუგებარია. პოლიტსაბჭო არის შიდა სტრუქტურული ორგანო, რომელმაც უნდა მართოს პარტიის საქმიანობა, შესაბამისად ჩემთვის დაახლოებით იმდენივე ინტერესის საგანია, როგორც ნებისმიერი ორგანიზაციის მენეჯმენტის საქმიანობა. რაც შეეხება თამაზ მეჭიაურის განცხადებებს, ეს კიდევ უფრო ნაკლებად საინტერესო მგონია, რადგან ის რაც მან ახლა გააკეთა, ანუ პარტიის დატოვებას ვგულისხმობ, დიდი ხნით ადრე უნდა ექნა.ეს ადამიანი იყო გარემოში, რომელიც მისთვის გახლდათ უცხო, პარტიის ევროპული აქცენტები მისთვის მიუღებელი ყოფილა და ალბათ დიდი ხნით ადრე უნდა განეცხადებინა ამის შესახებ. ახლა ეძებს ახალ ნავსაყუდელს და სავარაუდოდ მალე მიაგნებს კიდეც.
- ნაციონალურ მოძრაობაში სერიოზული არეულობა შეინიშნება, პარტიიდან გიორგი ვაშაძის წასვლა ამის დასტური არ არის?
— არ მგონია ამ ერთი პიროვნების მიერ პარტიის რიგების დატოვებამ რაიმე ძირეული ცვლილება მოახდინოს, ისევე როგორც პირველ ათეულში ახალი სახეების გამოჩენამ. ნაციონალურ მოძრაობას რა რესურსიც გააჩნდა იგივე დარჩება, იქნება იქ ვაშაძე თუ გოცირიძე. მიუხედავად მმართველი პარტიის რეიტინგის დაცემისა მათი რეიტინგი აშკარად არ გაზრდილა და რეალურად, წინა არჩევნებს თუ შევადარებთ, დაახლოებით მესამედით შემცირდა. საშემოდგომო არჩევნებზე მათ ელექტორატს სერიოზული არჩევანის გაკეთება მოუწევთ, ნაციონალებს, რესპუბლიკელებს, თავისუფალ დემოკრატებსა და უკვე პაატა ბურჭულაძის პარტიას შორის.
-რამდენად შსაძლებელია პაატა ბურჭულაძისა და ნაციონალების ერთობლიობა მომავალ არჩევნებზე?
— სანამ რაიმეს ვიტყვი, უნდა დავაფიქსირო, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიის ერთ-ერთი კეთილმოსურნე გახლავართ. ნაციონალებთან ამ პარტიის ერთობა წარმოუდგენლად მესახება. ეს წამგებიანი იქნება ორივე მხარისთვის. პაატა ამით დაკარგავს იმ ნეიტრალურ ამომრჩეველს, რომელსაც ახალმა ხელისუფლებამ იმედი გაუცრუა, მაგრამ არა იმდენად, რომ ხმა ნაციონალებს მისცეს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, მათ ამ გაერთიანებით ხმები არ მოემატებათ, რაც აქვთ გარანტირებულად ის დარჩებათ, სამაგიეროდ მოუწევთ საპარლამენტო ადგილების გამოთავისუფლება პარტნიორისთვის, ეს კი ძალიან მტკივნეული თემაა მათთვის და აქედან გამომდინარე არანაირ გაერთიანებას არ უნდა ველოდოთ.
თენგიზ ჩოჩუა