-ბატონო თამაზ! პარტიიდან გასვლის შემთხვევაში, დატოვებთ თუ არა უმრავლესობის რიგებს?
— „ქართული ოცნების“ რიგების დატოვება პრაქტიკულად გადაწყვეტილი მაქვს, თუმცა ელემენტარული კოლეგიალობა მოითხოვს საქმის კურსში ჩავაყენო ადამიანები ვისთან ერთადაც ეს წლები მოვდიოდი. არ იქნება ლამაზი ამის შესახებ პრესის მეშვეობით შეიტყონ. უკვე ვესაუბრე ბატონ ბიძინას, რომელიც გახლავთ ამ პარტიის დამფუძნებელი, ჩემი მეგობარი და თანაკურსელი, ახლა მინდა ჩემი მოსაზრებები გავუზიარო ბატონ პრემიერს, რომელსაც ასევე დიდ პატივს ვცემ დამხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებ განცხადებას სად, რა სახით და ვისთან ერთად გავაგრძელებ პოლიტიკურ მოღვაწეობას. აქვე დავამატებ, რომ ამ საპარლამენტო ციკლის დასრულებამდე უმრავლესობის გვერდით ვიქნები და მათთან ერთად ჩავამთავრებ ამ ეტაპს.
-მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომელიც თქვენ „პატრიოტთა ალიანსთან“ გაკავშირებთ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს?
— მზად ვარ ვითანამშრომლო ყველასთან ვინც ქართულ საქმეს ემსახურება. მე კარგად არ ვიცნობ ამ პარტიის საგარეო პლატფორმას ნატოსთან მიმართებაში, თუმცა ვიცი რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის მომხრეები არიან. ამ ეტაპზე არის სამი მიმართულება: ერთი, როდესაც ყველანაირად ევროპა-ამერიკის პოზიციაზე ვდგავართ და თვალდახუჭული ვენდობით, მეორე, როცა იგივე ხდება რუსეთთან მიმართებაში და მესამე, როდესაც გვაქვს საკუთარი, დამოუკიდებელი, შენი ქვეყნისთვის მისაღები პოზიცია და ამ პოზიციას აჯერებ როგორც ევროპასთან ისე რუსეთთან. სწორედ ეს მიმაჩნია ჩემი ქვეყნისთვის მისაღებად და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, რომლებიც არიან როგორც პარლამენტში ისე მის გარეთაც, ვიბრძოლებ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე.
თენგიზ ჩოჩუა