ეკონომისტ ლევან კალანდაძის განმართებით, ლარის გამყარება დოლართან მიმართებაში ქვეყანაში სავალუტო შემოსავლების ზრდამ უზრუნველყო და ეს ტენდენცია წლის განმავლობაში შენარჩუნდება.
„ყველაზე კარგი შესანახი დღეს ლარია, ის ადამიანები ვინც სხვა ვალუტაში გააკეთებენ დანაზოგს, ყველა ვარიანტში წააგებენ“- თვლის ექსპერტი
ასეთი პროგნოზის გაკეთების საფუძველს კალანდაძეს ლარის კურსის ზრდის პოზიციურ ტენდენციასთან ერთად ისიც აძლევს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს აქცენტი იაფი ფულის პოლიტიკაზე აქვს გაკეთებული.
„ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ამცირებს და ეს ტენდენციაც წლის განმავლობაში შენარჩუნდება".-თვლის ექსპერტი.
მისივე თქმით, მოსალოდნელია ნავთობის ფასის საერთაშორისო ბაზრებზე სავარაუდოდ შეიცვლება.
„იმის მოლოდინი რომ ნავთობზე ფასი გაიზრდება და უახლოეს პერიოდში დაახლოებით ბარელი 50 $-მდე მიაღწევს, იმას ნიშნავს, რომ დოლარს შესუსტების ხანა უდგას. ეს არ ნიშნავს იმას რომ დოლარს ზოგადად პრობლემები აქვს, უბრალოდ ასეთი მონეტარული პოლიტიკაა ამ ეტაპზე და ეს გასათვალისწინებელია“- აღნიშნა კალანდაძემ.
ექსპერტი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის საკითხებში ლია ელიავა მოსახლეობას ახლა დოლარის შესყიდვას არ ურჩევს.
„რა თქმა უნდა ლარში უნდა შეინახოს მოსახლეობამ ფული, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ჯერ ერთი ის ზარალდება დოლარის კურსის ცვლილებისას ფულის გადახურდავების დროს და მეორეც ლარის გამყარებით ფასები არ ვარდება. ეს კი ნიშნავს, რომ ახლა ვინც დოლარს ლარზე გადაახურდავებს, ის წაგებული დარჩება, რადგან მას ნაკლები თანხა ექნება პროდუქტების საყიდლად“ — თვლის ექსპერტი.
ლია ელიავას აზრით, ვისაც ყოველდღიურ ცხოვრებაში დოლარი არ სჭირდება და უბრალოდ ლარის გაუფასურების ეშინია, უნდა იცოდეს, რომ ლარის კურსის ვარდნის შემთხვევაშიც კი გადახურდავებით ის ვერაფერს მოიგებს.
„ყველა განვითარებად ქვეყანაში, გონიერი მოსახლეობა ფულის შენახვას ადგილობრივ ვალუტაში ამჯობინებს“-აღნიშნა ექსპერტმა.
ლარის კურსის მკვეთრი ზრდის შეჩერებას, ეროვნული ბანკი აუქციონზე ვალუტის პერიოდული შესყიდვით ცდილობს. სამშაბათს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.1872 შეადგინა. მარტიდან მაისამდე, დღევანდელი დღის ჩათვლით გამართულ 8 აუქციონზე, ეროვნულმა ბანკმა 155 მილიონი დოლარი შეიძინა, მაგრამ კურსის ზრდა კვლავ გრძელდება.