ეროვნული ბანკი ვალუტას იძენს, მაგრამ ლარი კვლავ მყარდება

გამოწერა
მარტის თვიდან ეროვნულმა ბანკმა 8 აუქციონზე 155 მილიონი დოლარი შეიძინა, მაგრამ კურსის ზრდა კვლავ გრძელდება.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. სამშაბათს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.1872 შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ორი თვის მანძილზე ვარდნის შემდგომ, ლარმა გამყარება დაიწყო. ამ დროის მანძილზე, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 11,5%-ით გაიზარდა. ეროვნული ბანკი ცდილობს აუქციონზე ვალუტის პერიოდული შესყიდვით შეაჩეროს ლარის კურსის მკვეთრი ზრდა, მარტიდან მაისამდე, დღევანდელი დღის ჩათვლით გამართულ 8 აუქციონზე, ეროვნულმა ბანკმა 155 მილიონი დოლარი შეიძინა, მაგრამ კურსის ზრდა კვლავ გრძელდება. 

„კომერციულ ბანკებს უკვე აღარ სჭირდებათ უცხოური ვალუტა დიდი რაოდენობით, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას. მათ ზედმეტი ვალუტა გაუჩნდათ და შესაბამისად ლარი გამყარდა. ეროვნული ბანკი კი აღიდგენს თავის სავალუტო რეზერვებს, რომელიც 2015 წლის მანძილზე დახარჯა“, — უთხრა Sputnik-ს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ექსპერტმა ლია ელიავამ. 

ამავე დროს, ექსპერტი თვლის, რომ კაპიტალის გადინება შესაძლოა მოულოდნელად კვლავ განახლდეს და ლარის კურსის ვარდნა გამოიწვიოს. 

ეროვნული ბანკის მიერ ოთხშაბათისათვის დადგენილი კურსი 2,1878 GEL/$1-ია, რაც 0,0125-ით აღემატება წინა დღით დადგენილ კურსს. 


ყველა ახალი ამბავი
0