თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik.უცხოეთიდან მიღებული ფულადი გზავნილები ეროვნული ვალუტის სტაბილურობის ერთ–ერთი კომპონენტია და წელს მათმა შემცირებამ გარკვეული როლი ლარის დევალვაციაშიც ითამაშა–მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსს პაატა ბაირახტარს.
2015 წლის იანვარ-ოქტომბერში ქართულ კომერციულ ბანკებში ფულადი გადარიცხვების ელექტრონული სისტემის საშუალებით საზღვარგარეთიდან 714,3 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 250,1 მლნ აშშ დოლარით, ანუ 25,9%–ით ნაკლებია გასული წლის იანვარ–ოქტომბერში გადმორიცხულ თანხაზე, — აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
„იმ ქვეყნებში საიდაც ძირითადად შემოედინება საქართველოში ფული, იყო კრიზისი, რასაც რეგიონში არსებული მდგომარეობაც დაემატა “–აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.
გადმორიცხვების მოცულობით პირველ ადგილზე ისევ რუსეთია. 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთიდან საქართველოში გადმოირიცხა 358,1 მლნ აშშ დოლარი, რაც გადარიცხვების ელექტრონული სისტემებით მიღებული ფულადი სახსრების საერთო მოცულობის 40,1%-ს შეადგენს. რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობის კლება წინა წელთან შედარებით რუბლის დევალვაციამ განაპირობა.
„რუსული ეროვნული ვალუტა ძალიან გაუფასურდა დოლართან მიმართებაში და ამან სერიოზულად იმოქმედა იქ მყოფი ქართველი ემიგრანტების შემოსავლზე, რაც თავის მხრიც გადმირიცხვებზეც აისახა“–თქვა პაატა ბაირახტარმა.
მეორე ქვეყანა, საიდანაც საქართველოში დიდი ოდენობით თანხები შემოვიდა ეს – საბერძნეთია. 2015 წლის იანვარ–ოქტომბერში იქიდან 102,6 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა რაც გადარიცხვების ელექტრონული სისტემებით მიღებული ფულადი სახსრების საერთო მოცულობის 11,5% –ია.
პაატა ბაირახტარის თქმით ამ მონაცემებზე ცნობილმა საბერძნეთის კრიზისმა იმოქმედა, როდესაც გარკვეული პერიოდით დაიხურა ბანკები და თითო ადამიანს ბანკომატებიდან დღეში 60 ევროზე მეტი თანხის აღება არ შეეძლო.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს 2015 წლის 10 თვეში აშშ-იდან საქართველოში გადმოირიცხა 81,9 მლნ აშშ დოლარი (9,1%), ხოლო იტალიიდან — 88,1 მლნ აშშ დოლარი (9,9%).