თბილისი, 14 მაისი — Sputnik. „ახალი ღვინის ფესტივალი 2016“ მთაწმინდის პარკში 14 მაისს გაიხსნება და ღვინის მწარმოებლებს, მეღვინეებს, სომელიებს, ღვინის შესახებ მწერლებსა და კრიტიკოსებს შეკრებს მთელი მსოფლიოდან.
ღონისძიება, ტრადიციულად, ქვევრის მოხდით დაიწყება. 2015 წლის პროდუქციას მეღვინეობის 78 კომპანია, 102 ოჯახური, მცირე, საშუალო თუ მსხვილი მეურნეობა წარმოადგენს.
2016 წლის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად 362 სახეობის ღვინომ გაიარა რეგისტრაცია კახეთიდან, ქართლიდან, რაჭა–ლეჩხუმიდან, სამეგრელოდან, გურიიდან და აჭარიდან.
ღვინოებს 25 კაცისგან შემდგარი კომისია არჩევდა, მათ შორის იყვნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, მეღვინეები და მოყვარულები.
ფესტივალის სტუმრები საუკეთესო ქართული ღვინოების დაგემოვნებას შეძლებენ.
„ახალი ღვინის ფესტივალის“ ტრადიციული მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერია. ღონისძიება წელს მეშვიდედ ტარდება.
ქართული ღვინის პოპულარობა მსოფლიოში მუდმივად იზრდება. 2016 წლის დასაწყისიდან მისი ექსპორტი 45%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ოთხ თვეში მსოფლიოს 30 ქვეყანაში 26,9 მლნ დოლარის ღირებულების დაახლოებით 11,6 მლნ ბოთლია გასული.