- ბატონო მამუკა, დღის ყველაზე გახმაურებული თემა არმაზ ახვლედიანის მიერ „ქართული ოცნების“ რიგების დატოვებაა…
— ჩემთვის ეს ცოტა არ იყოს უცნაურია, შევეცადე გამერკვია პოლიტსაბჭოს ზოგიერთ წევრთან, რამდენად ჰქონდათ მათ კომუნიკაცია არმაზ ახვლედიანთან, აყენებდა თუ არა პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმ საკითხებს, რომელიც მან ამ ბოლო დროს გაახმაურა. თითქმის ერთხმად მითხრეს, რომ არმაზ ახვლედიანი არასოდეს არ ცდილობდა გაეაქტიურებინა თავისი როლი პოლიტსაბჭოს სხდომებზე და არც პარტიაში გამოირჩეოდა დიდი აქტიურობით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ არმაზ ახვლედიანის ბოლო პერიოდის აქტივობა ცოტა ხელოვნურია. აქვე ვიტყვი, რომ ზოგი მისი პრეტეტენზია შესაძლოა მართებულია, მაგრამ ეს საკითხები ჯერ უნდა განეხილა გუნდში და მერე გამოეტანა სააშკარაოზე.
- თავად რა გეგმები გაქვთ, მომავალ არჩევნებზე თუ აპირებთ მონაწილეობის მიღებას და რა სახით?
— სურვილი ნამდვილად მაქვს. მინდა 2012 წლის მარცხისთვის რევანში ავიღო და გარდაბანში ვიყარო კენჭი; თუმცა, მხოლოდ სურვილის დონეზე ვარ. რეალური და ხელშესახები ჯერ არაფერია.
- როგორც კავკასიის საკითხებში ექსპერტს, მინდა გკითხოთ რა ვითარებაა რეგიონში, რა ცვლილება გამოიწვია ყარაბაღის კონფლიქტმა?
— რეგიონში ამჟამინდელმა სიწყნარემ არ უნდა მოგვატყუოს. ვითარება ძალიან დაძაბულია. პრაქტიკულად, კავკასია ახალი რეალობის წინაშე დგას და ჩვენს ხელისუფლებას ძალიან ფრთხილი პოლიტიკის გატარება მოუწევს. უფრო კონკრეტულად კი ასეთი სიტუაციაა:
აზერბაიჯანმა აშკარად დაჩაგრა სომხეთი და ეს ძირითადად იმის ხარჯზე მოხდა, რომ ამჯერად რუსეთმა ისეთი აქტიურობით მხარი არ დაუჭირა თავის ძველ მოკავშირეს. ამის გამო ერევანში ანტირუსულმა გამოსვლებმა იმატა. თავის მხრივ აზერბაიჯანი შესაძლოა არ დაკმაყოფილდეს მიღწეულით და ისევ აგორდეს საომარი ტალღა.
- რამდენად საფრთხის შემცველია ეს საქართველოსთვის?
— საფრთხის შემცველი ნამდვილად არის. ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოში კომპაქტურად ჩასახლებული ორივე ეთნოსის წარმომადგენლები გვყავს. სერიოზული მუშაობაა საჭირო, რომ ქვეყნის შიგნით არ მოხდეს მათი დაპირისპირება. გასათვალისწინებელია ირანის ფაქტორიც, რომელიც უკვე სერიოზული და ანგარიშგასაწევი ძალაა კავკასიაში. ამასთან, არ დაგვავიწყდეს, რომ ახალ გრანდიოზულ პროექტში, რომელიც სანკტ პეტერბურგიდან მუმბაიმდე 7000 კმ-იანი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას ეხება, ერთდროულად არის ჩართული რუსეთიც, ირანიც და აზერბაიჯანიც და ეს ინტერესთა თანხვედრა თავის გავლენას ახდენს კავკასიაში ძალთა გადანაწილებაზე.
თენგიზ ჩოჩუა