თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრი კანის კინოფესტივალის ფარგლებში Marche du Film კინობაზრობაზე მეცხრედ იქნება წარმოდგენილი.
ეს უნიკალური პლატფორმა მთელი მსოფლიოს კინოპროფესიონალებს საშუალებას აძლევს განავითარონ თანამშრომლობა, გააფართოვონ პროფესიონალური ქსელი,ერთმანეთს ბოლო პერიოდის მიღწევები გააცნონ და ერთობლივი გეგმები დასახონ.
Marche du Film-ზე ქართულ კინოს წარადგენენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი, ერთობლივი კინოწარმოების მხარდაჭერის ფონდის პროგრამა „ევრიმაჟ“-ში საქართველოს წარმომადგენელი თამარ ტატიშვილი, კინოცენტრის დისტრიბუციისა და ექსპორტის დეპარტამენტის უფროსი დავით ვაშაძე და პროექტების მენეჯერი ნინო შერვაშიძე, განმარტეს კინოცენტრში.
ქართულ პავილიონში (№105 — Village International Riviera) პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ იქნება წარმოდგენილი. პროექტი ნაღდი ფულის დაბრუნების მექანიზმს ითვალისწინებს, რაც საქართველოში დახარჯული ბიუჯეტიდან კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე კინომწარმოებლებისათვის ანაზღაურებას გულისხმობს.
გარდა ამისა, წელს ქართული კინო კანის ფესტივალის სხვადასხვა სექციაში იქნება წარმოდგენილი.
„მსოფლიო კინოს“ პავილიონის ფარგლებში თინათინ ყაჯრიშვილის და ლაშა ხალვაშის პროექტი "მოქალაქე წმინდანი" მიიღებს მონაწილეობას. ფილმს უცხოელ კინოპროდიუსერებს წარუდგენენ.
„რეჟისორთა ორი კვირის“ სექციაში მონაწილეობს დეა კულუმბეგაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ლეთა“. ფილმი მოგვითხრობს სიყვარულზე, ძალადობაზე და მათ შორის ვიწრო ზღვარზე.
ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი კანში ახალბედა არ გახლავთ. 2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ფილმი "უხილავი სივრცეები" კანის ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში იყო წარმოდგენილი.
„სცენარის განვითარების“ პროგრამაში ჩართულია ქართველი რეჟისორის რუსუდან ჭყონიას პროექტი "ვენეცია". ეს არის ისტორია სახლის შესახებ, რომელსაც არასდროს არ ააშენებენ, და მეზობლებზე, რომლებსაც ეს ძალიან სურთ.
სექციაში „პროდიუსერი მოძრაობაში“, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული კინოპროდიუსერების შეხვედრების მოედანს წარმოადგენს, საქართველოს ნინო დევდარიანი წარადგენს. ნინო დევდარიანი საქართველოში გიორგი ოვაშვილის ფილმზე „სიმინდის კუნძული“ მუშაობით არის ცნობილი.
რიგით 69-ე კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 2016 წლის 11-დან 22 მაისამდე პერიოდში ჩატარდება. ფესტივალის ჟიურის ავსტრალიელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ჯორჯ მილერი ხელმძღვანელობს. ფესტივალს ვუდი ალენის სურათი „Café Society“ გახსნის. ოქროს პალმის რტოზე წელს პრეტენზიას 21 კინოსურათი აცხადებს.