თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე, რომლის საავტორო გადაცემაც 2015 წელს საზოგადოებრივ მაუწყებელზე სკანდალით დახურეს, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პრეს-სპიკერად დაინიშნა.
„ქალბატონ ეკას აქვს სახელმწიფო სექტორში მუშაობის გამოცდილება, ჟურნალისტიკაში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება და, ვფიქრობ, იგი არის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი პრეზიდენტის, პრეზიდენტის გუნდისა და მთლიანად პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის“, — განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა.
ახალდანიშნულმა პრე-სსპიკერმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტსა და ადმინისტრაციას ნდობისთვის და მომავალი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ამასთან მან უარყო გავრცელებული ხმები, თითქოს მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა პრეზიდენტსა და „თავისუფალ დემოკრატებს“ შორის ალიანსზე მეტყველებს.
„პრეზიდენტი არის ყველას პრეზიდენტი – ყველა პარტიისთვის, ყველა ადამიანისთვის, ოპოზიციისთვის და ხელისუფლების გუნდისთვის… ("თავისუფალ დემოკრატებთან") რაიმე კავშირის ძებნა უსაფუძვლოა და აზრს მოკლებული“, — განაცხადა მიშველაძემ ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში.