თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კიდევ ერთი პოლიტიკური თოქ-შოუ დაიხურა — „პირველი სტუდია“ — საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველ არხზე, რის შესახებაც ცნობილი გახდა პარასკევს, 4 სექტემბერს.
პირველი არხის გენერალური დირექტორის მრჩეველმა ბასა ჯანიკაშვილმა თოქ-შოუს დახურვა იმით ახსნა, რომ მისი ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე ცოლად გაჰყვა „ჩვენი საქართველო — თავისუფალი დემოკრატების“ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ალექსი პეტრიაშვილს.
მანამდე პეტრიაშვილს ევროპიულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის პოსტი ეჭირა. მაგრამ 2014 წლის ნოემბერში მან თავისი სურვილით დატოვა მთავრობა, მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანია გადაყენებულ იქნა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან.
„ქალბატონო ეკა, გილოცავთ ქორწინებას, მაგრამ მინდა ავღნიშნო, რომ მაუწყებლის კოდექსის თანახმად, უხერხული იქნება თუკი ჟურნალისტი, რომელიც პოლიტიკური ლიდერის მეუღლეა, პოლიტიკურ გადაცემას წაიყვანს“, — განაცხადა ჯანიკაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების მასმედიასთან შეხვედრისას.
თავის მხრივ, მიშველაძემ განაცხადა, რომ ძალიან კარგად იცნობს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კოდექსს და იქ მსგავსი არაფერი წერია.
პასუხად ჯანიკაშვილმა წაიკითხა ამონარიდი მაუწყებლის კოდექსიდან, სადაც წერია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი არ უნდა აშუქებდეს მისი ოჯახის წევრებს და ახლო ნათესავებს“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს ურჩია, რომ კითხვებით თოქ-შოუების დახურვაზე, ამა თუ იმ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას მიმართონ. ხელისუფლების მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში მედია აბსოლუტურად თავისუფალია.
"მესამე წელია, ჩვენმა მთავრობამ და ქვეყანამ დაამტკიცა, რომ მედიის თავისუფლების კუთხით ვართ პირველ ადგილზე. რაც არ უნდა ილაპარაკოთ, თქვენ და ოპონენტებმა, ეს მხოლოდ საუბარია. შედეგი არის ის, რომ მედია დღეს არის აბსოლუტურად თავისუფალი. თუნდაც ის ფაქტი, რომ ნებისმიერ კრიტიკულ კითხვას გვისვამთ მთავრობის წარმომადგენლებს და არავითარი ზეწოლა ამ სამი წლის განმავლობაში არ ყოფილა მთავრობის მხრიდან, ეს არის აღიარება, ეს არის ფაქტი, ამას სჭირდება შეფასება და შესაბამისი დაფასებაც. თუ დაიხურა რომელიმე თოქ-შოუ, ეს არის კონკრეტული ტელევიზიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება და მე არ ვაპირებ ამაზე კომენტარს. საჭიროა უფრო მეტი სიცხადე, გამჭვირვალობა და დასაბუთება“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
მიმდინარე კვირაში ტელეკომპანია „იმდეზე“ ასევე შეწყდა პოპულარული ტელეწამყვანის ინგა გრიგოლიას ორი მაღალრეიტინგული საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ „რეაქცია“ და „იმედის კვირა“. ამის მიზეზად ტელეკომპანიამ არსებული გადაცემების ფორმატის შეცვლა დაასახელა.