თბილისი, 10 მაისი — Sputnik. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური თეატრი მოსკოვში პირველად წარადგენს სპექტაკლს „ალუბლის ბაღი“, განუცხადეს Sputnik-ს თეატრში.
ქართველი მსახიობები თეატრალური ცენტრის „ნა სტრასტნომ“ სცენაზე 12 მაისს გამოვლენ.
„ალუბლის ბაღი“ ჩეხოვის პიესის მიხედვით ქართველმა რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ დადგა. პრემიერა 2015 წლის იანვარში გრიბოედოვის თეატრის სცენაზე, ანტონ ჩეხოვის დაბადებიდან 155-ე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.
მთავარ როლს სპექტაკლში კოტე მარჯანიშვილის, მიხეილ თუმანიშვილისა და ვერიკო ანჯაფარიძის პრემიების ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი გურანდა გაბუნია ასრულებს. ამ როლისთვის გასულ წელს გაბუნია საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ტავრიის მელპომენა“ პრემიით „თეატრის ერთგული მსახურებისთვის“ დაჯილდოვდა. სპექტაკლის წინა დღეს, 11 მაისს, გრიბოედოვის თეატრის გასტროლების ფარგლებში, მოსკოვის მსახიობის სახლში მისი შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
თბილისის რუსული დრამატული თეატრი 1845 წელს დაარსდა. ის პირველი პროფესიული თეატრალური დასია კავკასიაში. 1934 წელს მას ა. გრიბოედოვის სახელი მიენიჭა.
თეატრში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ვლადიმირ ნემიროვიჩ-დანჩენკო, ვსევოლოდ მეიერხოლდი, ვერა კომისარჟევსკაია, პიოტრ ფომენკო, მარია სავინა, ალექსანდრ იაბლოჩკინი. 1938-1945 წლებში თეატრში სპექტაკლებს წარმოშობით თბილისელი, ცნობილი რეჟისორი გიორგი ტოვსტონოგოვი დგამდა. დღეს თეატრი წინა თაობების მსახიობებისა და რეჟისორების ტრადიციებს აგრძელებს.
გრიბოედოვის თეატრი სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატია.
2015 წლის ოქტომბერში თეატრმა დაარსებიდან 170 წლისთავი იზეიმა.