თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ჩინურმა კომპანიამ „ჰუალინგ გრუპი“ საქართველოში ახალი ავიაკომპანია დაარეგისტრირა, რომლის გამოჩენა ქართულ ბაზარზე ძალზე მნიშვნელოვანია, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ახალი ავიაკომპანიის ბაზა საქართველოში იქნება განთავსებული და იგი რეისებს განახორციელებს როგორც აზიაში, ისე ევროპაში. კომპანიაში ადგილობრივი თანამშროიმლები იქნებიან დასაქმებულნი. მომავალში აზიისა და ევროპის მიმართულებას დაემატება რეისები აშშ-ში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისათვის, დასძინა ქუმსიშვილმა.
ახალი ავიაკომპანია რეისებს „ბოინგ 737"-ის ორი თვითმფრინავით შეასრულებს, მოგვიანებით კი იგეგმება ავიაპარკისათვის „ბოინგ 777“ ტიპის თვითმფრინავის დამატება.
„ჰუალინგ ჯგუფი“ პროექტებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ახორციელებს, მათ შორის ქუთაუსში, სადაც თავისუფალი ინდუსტრიული ზონაა შექმნილი, რომელშიც 10-მდე საწარმო მოქმედებს.
ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ”ჰუალინგი”, რომლის ფუნქციონირების ვადა 30 წლით განისაზღვრა, საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეიქმნა. თიზ-ი ”ჰუალინგი” ქუთაისში მისთვის გამოყოფილ 359 ათას 251 კვ.მ. ფართობის ტერიტორიაზე განთავსდება.
სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულების თანახმად, „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ თიზ-ის შესაქმნელად 40 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპანიის ინფორმაციით, ინვესტიციები თიზ-ის ტერიტორიაზე განხორციელდება როგორც თიზ-ის ორგანიზატორის (ძირითადად, ინფრასტრუქტურის მოწყობის დასასრულებლად), ასევე უცხოელი ინვესტორების მიერ წარმოების სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის არის ხე–ტყისა და ხის მასალის გადამუშავება, სხვადასხვა სახის ავეჯის (მათ შორის, საოფისე) წარმოება, ქაღალდის წარმოება, სამშენებლო მასალების წარმოება და სხვა. გარდა ამისა, დაგეგმილია ინვესტიციების მოზიდვა მსუბუქი მრეწველობის სხვადასხვა დარგში, კერძოდ, ტექსტილის, ქიმიური, კვების პროდუქტების და საკანცელარიო საქონლის წარმოებაში.
კომპანიამ Georgian Huashun Internation Industial Investment Group LTD ქუთაისში, თიზ-ისთვის განკუთვნილ ფართობზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, უკვე განახორციელა ინვესტიციები როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ასევე წარმოების ხელშეწყობისთვის.
თიზ-ის ორგანიზატორი/ადმინისტრატორია ”ჰუალინგ-ჯგუფში” შემავალი კომპანია Georgian Huashun Internation Industial Investment Group Ltd, რომელსაც საქართველოში აქვს როგორც უკვე განხორციელებული, ასევე მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის თბილისის ოლიმპიური სოფლის მშენებლობა, ხე–ტყის დამზადება, ავეჯის წარმოება და საბანკო საქმიანობა (ჩინური მხარე ფლობს „ბაზის ბანკის“ აქციების 90%-ს). დღეისათვის საქართველოში ”ჰუალინგ ჯგუფში” შემავალი 15 კომპანია ოპერირებს.