თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ქუთაისში ”ჰუალინგის” თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ) შეიქმნება. შესაბამის დოკუმენტს სასტუმროში Hotels & Preference Hualing bilisi ოთხშაბათს, 20 მაისს მოეწერა ხელი.
შეთანხმებას თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ”ჰუალინგის” შექმნის შესახებ ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და „ჰუალინგ ჯგუფის“ კომპანიაში შემავალი შპს Georgian Huashun Internation Industial Investment Group LTD – ის დირექტორმა.
ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ”ჰუალინგი”, რომლის ფუნქციონირების ვადა 30 წლით განისაზღვრა, საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეიქმნა. თიზ-ი ”ჰუალინგი” ქუთაისში მისთვის გამოყოფილ 359 ათას 251 კვ.მ. ფართობის ტერიტორიაზე განთავსდება.
”ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ინვესტორი, რომელიც შარშან, მესამე კვარტლის მონაცემებით იყო ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში, კვლავაც განაგრძობს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას”, — განაცხადა კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის შეუწყოს ხელი ამ საქმიანობას.
სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულების თანახმად, „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ თიზ-ის შესაქმნელად 40 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპანიის ინფორმაციით, ინვესტიციები თიზ-ის ტერიტორიაზე განხორციელდება როგორც თიზ-ის ორგანიზატორის (ძირითადად, ინფრასტრუქტურის მოწყობის დასასრულებლად), ასევე უცხოელი ინვესტორების მიერ წარმოების სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის არის ხე–ტყისა და ხის მასალის გადამუშავება, სხვადასხვა სახის ავეჯის (მათ შორის, საოფისე) წარმოება, ქაღალდის წარმოება, სამშენებლო მასალების წარმოება და სხვა. გარდა ამისა, დაგეგმილია ინვესტიციების მოზიდვა მსუბუქი მრეწველობის სხვადასხვა დარგში, კერძოდ, ტექსტილის, ქიმიური, კვების პროდუქტების და საკანცელარიო საქონლის წარმოებაში.
კომპანიამ Georgian Huashun Internation Industial Investment Group LTD ქუთაისში, თიზ-ისთვის განკუთვნილ ფართობზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, უკვე განახორციელა ინვესტიციები როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ასევე წარმოების ხელშეწყობისთვის.
თიზ-ის ორგანიზატორი/ადმინისტრატორია ”ჰუალინგ-ჯგუფში” შემავალი კომპანია Georgian Huashun Internation Industial Investment Group Ltd, რომელსაც საქართველოში აქვს როგორც უკვე განხორციელებული, ასევე მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის თბილისის ოლიმპიური სოფლის მშენებლობა, ხე–ტყის დამზადება, ავეჯის წარმოება და საბანკო საქმიანობა (ჩინური მხარე ფლობს „ბაზის ბანკის“ აქციების 90%-ს). დღეისათვის საქართველოში ”ჰუალინგ ჯგუფში” შემავალი 15 კომპანია ოპერირებს.