ქართველმა მუსიკოსმა მოსკოვის ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსზე გაიმარჯვა

© FB/"Росконцерт"სანდრო ნებიერიძე
სანდრო ნებიერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
15 წლის პიანისტი და კომპოზიტორი სანდრო ნებიერიძე უკვე მრავალი მუსიკალური პრემიის მფლობელია.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ახალგაზრდა პიანისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსის Grand Piano Competition გრან-პრის მფლობელი სანდრო ნებიერიძე გახდა. კონკურსის სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი რუსი ვირტუოზი პიანისტი დენის მაცუევი.

საქართველოს კამერული ორკესტრი - Sputnik საქართველო
მუსიკალური ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ პროგრამა

გრან-პრის მფლობელის წოდება ნებიერიძემ რუს ალექსანდრ მალოფეევთან ერთად გაიყო. ორივე პიანისტმა 5-5 ათასი აშშ დოლარის პრემია მიიღო, ასევე კონკურსის მთავარი პრიზი — ჰიბრიდული როიალი Yamaha Avant Grand-ი, იუწყებიან კონკურსის ორგანიზატორები.

კონკურსი 2016 წლის 30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით პერიოდში ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა. კონკურსანტებმა რუსეთიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, ბელორუსიიდან და საქართველოდან ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ მუსიკოსები რუსეთიდან, ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, შვედეთიდან და კორეიდან.

ლაურეატების გალა-კონცერტი, რომელიც კონკურსის მესამე, გადამწყვეტი ტური გახდა, 5 მაისს მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა.

ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი Grand Piano Competition რუსეთის სახალხო არტისტის დენის მაცუევის ინიციატივით დაარსდა. 16 წლამდე ასაკის მსოფლიოს საუკეთესო პიანისტების კონკურსის დამფუძნებლები არიან ასევე რუსეთის კულტურის სამინისტრო და მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია.

კონკურსის მიზანია კლასიკური საფორტეპიანო მუსიკის, როგორც ახალგაზრდა თაობის სულიერი აღზრდის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილის პროპაგანდა და ასევე ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა მათი შემოქმედებითი გზის დასაწყისში.

ნინო სურგულაძე - Sputnik საქართველო
ნინო სურგულაძემ იტალიური „საოპერო ოსკარი“ მიიღო

სანდრო ნებიერიძე 15 წლის პიანისტი და კომპოზიტორია. ის ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ სემინარიაში სწავლობს (პედაგოგი – ლალი სანიკიძე).

ფორტეპიანოს გარდა ის ასევე კომპოზიციას სწავლობს მაკა ვირსალაძის კლასში.

ნებიერიძე ფორტეპიანოსა და სხვა ინსტრუმენტებისთვის თხზულებებისა და ოპერის ავტორია. არის მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, მათ შორისაა Musica. Sepashvili Klavierwettbewerb (2009, I პრემია); Balys Dvarionas International Piano Competition ვილნიუსში (ლიტვა, 2012), საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი-ფესტივალი კიევში (უკრაინა, 2013), Astana Piano Passion (ყაზახეთი, 2015, I პრემია).

პიანისტი კონცერტებით მოგზაურობს საქართველოსა და ევროპაში. მუსიკოსის საკონცერტო პროგრამაში შესულია საკუთარი ნაწარმოებებიც.

ყველა ახალი ამბავი
0