თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. მსოფლიოში სახელგანთქმული მეცო–სოპრანო ნინო სურგულაძე „საოპერო ოსკარის“ მფლობელი გახდა.
პრემია იტალიურმა საერთაშორისო გამოცემამ, GB Opera–მ ორი წლის წინ დააწესა. კონკურსისთვის „GB ოსკარ ოპერისა და ბალეტის სრულყოფილება“ 35 ნომინანტი შეირჩა მთელი მსოფლიოდან.
მათ შორის იყო ორი ქართველი შემსრულებელიც — ნინო სურგულაძე და ანიტა რაჭველიშვილი. სურგულაძემ გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო მეცო–სოპრანო“.
„მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა. კონცერტზე უკვე ჩემი სიმღერით ვეტყვი მათ ჩემს სათქმელს. მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსის ყველა მონაწილე იმსახურებდა გამარჯვებას, ისინი საუკეთესოები არიან“, — ნათქვამია ნინო სურგულაძის „ფეისბუქის“ გვერდზე.
კონკურსში სულ შვიდი გამარჯვებული გამოვლინდა. დაჯილდოების ცერემონია 2016 წლის 17 მაისს გაიმართება Teatro Zandonai–ს სცენაზე იტალიურ პროვინცია როვერეტოში.
თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავრებული ნინო სურგულაძე არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ვოკალური კონკურსის გამარჯვებულია.
კონსერვატორიის შემდეგ მან სწავლა ლა სკალას აკადემიურ სტუდიაში განაგრძო. 22 წლისა იყო, როდესაც ბარსელონის თეატრის, ლისეოს სცენაზე შოსტაკოვიჩის ოპერა „მცენის მაზრის ლედი მაკბეტიდან“ სადებიუტო არია შეასრულა.
ამას მოჰყვა გამოსვლები დიდ ბრიტანეთში, კოვენტ–გარდენის თეატრში, გერმანიის სექსტას თეატრში, ტოკიოში, აშშ–ში და სხვ.