თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცნობილი საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავა ღირსების ორდენით დააჯილდოვა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
სახელგანთქმულ ტენორს ჯილდო საოპერო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობისა და საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე წარმოჩენისთვის მიენიჭა.
რუსეთის დიდი თეატრის სოლისტი, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სსრ სახალხო არტისტი ზურაბ სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს დაიბადა საქართველოში, ქალაქ სოხუმში.
1960 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1965 წელს კი თბილისის კონსერვატორია. სტაჟირება „ლა სკალაში“ გაიარა, სადაც მოამზადა ჰერცოგის პარტია ვერდის „რიგოლეტოდან“, ხოსეს პარტია ბიზეს „კარმენიდან“, ტურიდუს პარტია მასკანის „სოფლის პატიოსნებიდან“.
1970 წელს ზურაბ სოტკილავა და ელენა ობრაზცოვა პირველი საბჭოთა მომღერლები გახდნენ, რომლებიც ბარსელონაში ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე გამოვიდნენ. ორივე შემსრულებელმა ოქროს მედალი დაიმსახურა და ესპანეთში დარჩენის შეთავაზებაც მიიღეს.
იმავე წელს სოტკილავამ ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსზე მოსკოვში მეორე პრემია მიიღო. ტენორის დებიუტი დიდ თეატრში 1973 წელს შედგა. სოტკილავამ ხოსეს პარტია იმღერა. 1974 წელს ის თეატრის საოპერო დასის წევრი გახდა. 1976–1988 წლებში მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ, 2002 წელს კვლავ განაახლა პედაგოგიური მოღვაწეობა მოსკოვის კონსერვატორიაში.