თბილისი, 5 მაისი — Sputnik. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს კვირის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, რაც ქვეყანაში ნავთობის მოპოვების შემცირებაზე მეტყველებს, ასევე კანადაში ხანძრების შესახებ ცნობის ფონზე ნავთობის მსოფლიო ფასები ხუთშაბათის დილით მყარ დადებით დინამიკას აჩვენებს, ამას ვაჭრობის მონაცემები მოწმობს.
დილით Brent–ის მარკის ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის ნარევზე ივლისის ფიუჩერსები 1,59%-ით გაიზარდა და ერთ ბარელზე 45,33 დოლარს მიაღწია. ხოლო WTI–ს მარკის ნავთობზე ივლისის ფიუჩერსების ფასმა 2,03%-ით მოიმატა და 44,67 დოლარი შეადგინა.
აშშ–ის ენერგეტიკის სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ნავთობის კომერციულმა მარაგებმა (სტრატეგიული მარაგის გამოკლებით) ერთ კვირაში 2.8 მლნ ბარელით, ანუ 0,5%-ით — 543,4 მლნ ბარელამდე მოიმატა. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ნავთობის კომერციული მარაგები ერთ კვირაში მხოლოდ 1,695 მლნ ბარელით — 542,295 მლნ ბარელამდე მოიმატებდა. ამავდროულად, აშშ-ის სამინისტროს ინფორმაციით, ნავთობის მოპოვება ერთ კვირაში 1,26%-ით, ანუ დღე–ღამეში 8,825 მლნ ბარელამდე შემცირდა. ინვესტორებმა მარაგების ზრდის მონაცემები უყურადღებოდ დატოვეს და რეაგირება მხოლოდ ქვეყანაში „შავი ოქროს“ მოპოვების დადებით ინდიკატორებზე მოახდინეს.
ფასების შენარჩუნებას ხელს უწყობს კანადის ნავთობიანი ქვიშების არეალში ხანძრის შესახებ ცნობები, რამაც ზოგიერთი ადგილობრივი კომპანია აიძულა, წარმოება შეემცირებინა. ქალაქ ფორტ მაკმიურეის ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ქალაქში 80 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. იქ დაახლოებით 1600 შენობა დაიწვა. მშრალი ამინდის გამო ხანძარი ტყეში რამდენიმე დღის წინ პროვინცია ალბერტაში დაიწყო.
ხანძრის გამო რამდენიმე ნავთობმომპოვებელ ობიექტზე წარმოება შეჩერდა, თუმცა „შავი ოქროს“ მოპოვების შემცირების მოცულობა ჯერჯერობით უცნობია. კანადურმა Suncor Energy-მ განაცხადა, რომ ამცირებს ნავთობის მოპოვებას, რათა კომპანიის თანამშრომლებს უსაფრთხო ადგილზე გადასვლის საშუალება მისცეს.
„ინვესტორების ოპტიმიზმი ნავთობის ფასებთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიგვაჩნია, რომ ფასის ზრდა მყარია და არა სპეკულაციური შემოსავლების მიღების მიზნით გამოწვეული. ჩვენ, სავარაუდოდ, 2016 წლის მესამე კვარტალში ნავთობის მოწოდების გლობალურ დეფიციტს ვნახავთ“, — განუცხადა სააგენტო „როიტერს“ ETF Securities-ის ნედლეულის ბაზრების საკითხებში სტრატეგიის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიტეშ შაჰმა (Nitesh Shah).


