თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის სამინისტროს სტატისტიკის მოლოდინში და ნავთობის ინსტიტუტის (API) მონაცემების ფონზე, რომ ქვეყანაში ნავთობის მარაგები შემცირდა, ოთხშაბათის ვაჭრობაზე ფასის ზრდა დაფიქსირდა.
დილის 09:35 საათისთვის Brent–ის მარკის ჩრდილოეთის ზღვის ნავთობნაერთზე ივლისის ფიუჩერსები 0,97%-ით გაიზარდა და ერთ ბარელზე 46,02 დოლარი შეადგინა, ხოლო WTI მარკის ნავთობზე ივნისის ფიუჩერსებმა 1%-ით მოიმატა და ერთ ბარელზე 44,48 დოლარს გაუტოლდა.
API–ს მონაცემების თანახმად, გასულ კვირაში აშშ–ში ნავთობის მარაგები 1,070 მლნ ბარელით შემცირდა. ეს მაშინ, როცა ანალიტიკოსები 2,366 მლნ ბარელით ზრდას ელოდნენ. ამასთან, ქუშინგის უმსხვილეს ტერმინალში ნავთობის მარაგები 1,9 მლნ ბარელით გაიზარდა, ბენზინის მარაგები 0,4 მლნ ბარელით შემცირდა, ხოლო დისტილატების მარაგებმა 1 მლნ ბარელით იკლო.
ახლა ინვესტორები ნავთობის მარაგების რაოდენობაზე აშშ–ის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემების გამოქვეყნებას ელოდებიან. ანალიტიკოსების პროგნოზით, 22 აპრილს დასრულებულ კვირაში მარაგებმა 2,366 მლნ ბარელით მოიმატა.
ამჟამად ნავთობის ბაზარზე ფასის დადებით დინამიკას ასევე ხელს უწყობს დოლარის გაუფასურება.
„შედარებით სუსტი დოლარი და ფუნდამენტური ფაქტორების გაუმჯობესების მოლოდინი ფასების ზრდას უწყობს ხელს. მოლოდინი თანდათან უმჯობესდება“, — ციტირებს სააგენტო „როიტერი“ ბანკ ANZ–ის ანალიტიკოსთა მოსაზრებას.

