ნაცმოძრაობა: ივანიშვილი 29 ჰექტარ მიწას კაპიკებად იყიდის

© Sputnik / Alexander Imedashviliბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერია დღეს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით აუქციონს აწყობს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ტერიტორიას მიზერულ ფასად მიითვისებს და ის აუქციონის გაუქმებას მოითხოვს.

 

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი 29 ჰექტარი სახელმწიფო მიწის მისაკუთრებას გეგმავს, რომელიც თბილისის ბოტანიკურ ბაღთან მდებარეობს, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

საუბარია კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე. გასულ კვირაში ოპოზიციამ ივანიშვილი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის მითვისებაში დაადანაშაულა.  ეს უარყვეს პარკის ადმინისტრაციაში და განმარტეს, რომ ბოტანიკური ბაღის საზღვრები მისი სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის თაბორის მთაზე არსებულ ტერიტორიაზე გაცვლის გამო შეიცვალა.

„საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, დღეს, 17:00 საათზე თბილისის მერია ჯიუტად მაინც ატარებს აუქციონს, რომელზეც დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილისთვის წინასწარი დანაშაულებრივი შეთანხმებით და უამრავი პროცედურული დარღვევით იმ 29 ჰექტარის აუქციონის წესით გადაცემა“, — განაცხადა მელიამ პრესკონფერენციაზე.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ქალაქის ქონების მართვის სამსახურსა და თბილისის მერს დავით ნარმანიას „დანაშაულებრივი აუქციონის“ აკრძალვის მოთხოვნით მიმართა.

„ივანიშვილი ნარმანიას მეშვეობით პრაქტიკულად უსასყიდლოდ აპირებს ხელში ჩაიგდოს 29 ჰექტარი. კერძოდ, ნარმანიამ მშენებლობის უფლებით 29 ჰექტარის ფასი განსაზღვრა  მხოლოდ 6 მილიონ ლარად, ანუ კვადრატული მეტრი 21 ლარად, მაშინ, როდესაც 10 წლის წინ თავად ივანიშვილმა მშენებლობის უფლების გარეშე კვადრატული მეტრი შეიძინა 36 ლარად!“ — განაცხადა მელიამ. 

თბილისის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
მერია: თბილისის ბოტანიკური ბაღის საზღვრები კანონიერად არის შეცვლილი

მელიას თქმით, თუ მერია მილიარდერის ნებას დაჰყვება და საზოგადოების ინტერესს არ გაითვალისწინებს, ეს აქტიურ საზოგადოებრივ პროტესტს გამოიწვევს.

ნაცმოძრაობის წარმომადგენლები დღეს, 16:30 საათზე მერიის შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავენ. ამას გარდა, უკვე ცნობილია, რომ შაბათს 25 არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გაყიდვის გაპროტესტებას აპირებს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ბოტანიკურ ბაღს 2007 წელს მიანიჭეს.

ბოტანიკური ბაღის ტერიტორია 81 ჰექტარია. ამაში არ შედის ის ფართობი, რომელიც შეცვალეს, აღნიშნეს ადრე მერიაში.


 

ყველა ახალი ამბავი
0