თბილისი, 2 მაისი — Sputnik. მსოფლიოს 14 ქვეყნის მწერლები და ლიტერატორები ეწვევიან თბილისის მეორე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს (The 2nd Tbilisi International of Literature), რომელიც საქართველოში 16–21 მაისს ჩატარდება.
ფესტივალის მონაწილეები იქნებიან პროზაიკოსები, ესეისტები, მთარგმნელები და პოეტები აშშ–დან, ჩილედან, დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, იაპონიიდან, ისრაელიდან და ავსტრალიიდან.
„გვექნება ბევრი შეხვედრა მწერლებთან, მასტერ–კლასები, სხვადასხვა თემატური დისკუსიები და პოეზიის საღამოები, სადაც მოვისმენთ უცხოელი ავტორების ლექსებს მათივე შესრულებითაც და ქართულად თარგმნილსაც“, — უთხრა Sputnik–ს მწერალთა სახლის დირექტორის მოადგილე ნანა ნიბლაძემ.
მოწვეულ სტუმართა შორის არიან ბუკერის პრემიის 2003 წლის ლაურეატი, ავსტრალიელი მწერალი პიტერ უორენ ფინლეი (Peter Warren Finlay), რომელსაც უფრო დი ბი სი პიერის სახელით იცნობენ (DBC Pierre), მწერალი, სცენარისტი და დრამატურგი ისრაელიდან ეტკარ ქერეტი და გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი.
საკუთარი ქვეყნების პოეზიას წარმოადგენენ ბრიტანელი ლუკ კენარდი (Luke Kennard), ნიდერლანდელი პოეტესა ესთერ ნაომი (Ester Naomi Perquin), რუსი და ამერიკელი ალექსანდრ გალპერი, უკრაინელი პოეტი და მთარგმნელი იური ანდრუხოვიჩი და სხვები.
ორგანიზატორების თქმით, საფესტივალო ღონისძიებები მწერალთა სახლში და ასევე კავკასიის სახლში გაიმართება.
ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. ლიტერატურული ფესტივალის დაწვრილებითი პროგრამა მაისში გახდება ცნობილი.
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 2015 წელს დაფუძნდა მწერალთა სახლისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.
გასულ წელს ფესტივალს 25 უცხოელი მწერალი და პოეტი დაესწრო ბელარუსიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან, აშშ–იდან, გერმანიიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ირანიდან და სხვა ქვეყნებიდან.