თბილისში მოგზაური ფესტივალი Map The Music გაიმართება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმეიდანი
მეიდანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი ვიოლონჩელისტი ბორის ანდრიანოვი და მისი მეგობრები ქართველი მსმენელისთვის ღია ცის ქვეშ კონცერტებს გამართავენ.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში 5-8 მაისს პირველი საერთაშორისო ფესტივალი Map The Music გაიმართება, რომელიც კლასიკურ მუსიკასა და მოგზაურობას აერთიანებს.

Map The Music („აღნიშნე მუსიკა რუკაზე“) ფესტივალის ახალი ფორმატია, სადაც მუსიკოსები ღია ცის ქვეშ დაუკრავენ, ხოლო მსმენელი შემსრულებლის კვალდაკვალ გადაინაცვლებს. ეს კონცეფცია რუსმა ვიოლონჩელისტმა ბორის ანდრიანოვმა და მისმა მეგობრებმა წარმოადგინეს. კონცერტები წელიწადში რამდენჯერმე დედამიწის სხვადასხვა კუთხეში გაიმართება, ხოლო Map The Music მოგზაურობას სწორედ თბილისიდან იწყებს.

„პროექტის Map The Music პირველი გაჩერების სახით თბილისი შეირჩა. საქართველო დიდი მუსიკალური ტრადიციების (და სტუმარმასპინძლობის ტრადიციების) ქვეყანაა. თბილისი არა მარტო საქართველოს დედაქალაქი, არამედ უძველესი ისტორიის ცენტრია, რომელშიც თანამედროვეობა სიძველის სათუთად შემონახულ ატმოსფეროს ერწყმის“, — იუწყებიან ფესტივალის ორგანიზატორები.

5 მაისს, 20:00 საათზე,  „ვარდების ბაღში“ პიკნიკი-კონცერტი ჩატარდება, სადაც ფესტივალის მონაწილეები შეასრულებენ ბახის, მოცარტის, როდრიგოსა და კარმანოვის ნაწარმოებებს.

6 მაისს რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრთან აჟღერდება შოსტაკოვიჩის, პიაცოლასა და ბრამსის მუსიკა.

7 მაისს, 19:00 საათზე ფესტივალს „სამეფო უბნის თეატრი“ უმასპინძლებს. შესრულდება ბახის, დვორჟაკის, შუმანის ნაწარმოებები.

წიგნი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი საქართველოში

ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 8 მაისს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაიმართება და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნება. აჟღერდება შტრაუსის, ბეთჰოვენისა და გია ყანჩელის მუსიკა. სოლისტებს აკომპანირებას გაუწევს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით.

ფესტივალის მონაწილეები არიან: დამფუძნებელი, ვიოლონჩელისტი ბორის ანდრიანოვი, მევიოლინე ანდრეი ბარანოვი (რუსეთი), ჰობოისტი დმიტრი ბულგაკოვი (რუსეთი), გიტარისტი დმიტრი ილარიონოვი (რუსეთი), მევიოლინე ტამაკი კავაკუბო (იაპონია), ასევე ავსტრიელი მუსიკოსები — ალტისტი გერხარდ მარშნერი და პიანისტი შტეფან ვლადარი.

ყველა ახალი ამბავი
0