თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ქართველი კლასიკოსის გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“ საოპერო წარმოდგენას დაედება საფუძვლად — თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი მასშტაბური პრემიერისთვის ემზადება.
„სამოსელი პირველის“ მიხედვით თანამედროვე ქართული ოპერის შექმნის იდეა კომპოზიტორ ზაზა მარჯანიშვილს ეკუთვნის. დადგმაში მან საოპერო, საბალეტო, დრამატული, ასევე სახვითი ხელოვნების ელემენტები გააერთიანა.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ლაშა ონიანი, ქორეოგრაფი — ლალი კანდელაკი. კოსტიუმებზე ანა კალატოზიშვილი მუშაობს, სცენოგრაფია ლევან სალუქვაძესა და გელა იორდანიშვილს ეკუთვნის.
სპექტაკლში მთავარ პარტიებს შეასრულებენ როგორც ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები (თეა დემურიშვილი, ოთარ ჯორჯიკია, ნიკოლოზ ლაგვილავა), ასევე დრამატული თეატრების მსახიობები (გოგა პიპინაშვილი, რეზო ჩხიკვიშვილი, ნანა შონია, მიხეილ გომიაშვილი).
გარდა ამისა, საოპერო სპექტაკლში ჩართული იქნება გუნდი, ორკესტრი და საოპერო თეატრის ინსტრუმენტალისტთა ჯგუფი დავით კინწურაშვილის დირიჟორობით.
გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“ 1975 წელს გამოიცა. ესაა ავანტიურული რომანი, ანტიუტოპია და „უძღები შვილის“ შესახებ ახლებურად წაკითხული იგავი, წიგნი ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნის შესახებ. "სამოსელი პირველის" სიუჟეტი თავგადასავლის მაძიებელი ჭაბუკის დომენიკოს ტიპური ამბავია, რომელზეც დიდად იმოქმედა იდუმალებით მოცული კაცის — ლტოლვილის ნაამბობმა.
დომენიკო ტოვებს მშობლიურ სახლ-კარს, მამას და მიდის "ლამაზ ქალაქში". თანდათან მრავალ ადამიანთან ურთიერთობისას იგი მიხვდება, თუ რა არის მეგობრობა, სიყვარული, სიკეთე, ბოროტება, გულწფელობა, პატიოსნება.
ეს წიგნი დოჩანაშვილის შემოქმედების მწვერვალად არის მიჩნეული.
„სამოსელი პირველის“ მიხედვით ოპერის პრემიერა მიმდინარე თეატრალური სეზონის ბოლომდე გაიმართება.