არაქართული ფეხბურთი ქართველების შესრულებით. ოქრიაშვილს თურქეთში პირველი გოლი გააქვს

გამოწერა
„Sputnik საქართველოს“ სპორტული მიმომხილველი ნოდარ მაისურაძე ევროპისა და რუსეთის კლუბებში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების წარმატებებსა და წარუმატებლობაზე მოგითხრობთ. ამ კვირაში ოქრიაშვილს პირველი გოლი გააქვს თურქეთში, მჭედლიძე პირდაპირ წითელ ბარათს იღებს, ხოლო ანანიძე მწყობრში დგება.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და თურქული „ესკიშეჰისპორის“ ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი ჩვენი თვალთახედვის არეში ხშირად არ ხვდება, მაგრამ თურქეთის „სუპერლიგის“ 30-ე ტურში მისი გამარჯვების გოლის ყურადღების გარეშე დატოვება ნამდვილად შეუძლებელია.

„ესკიშეჰისპორი“ გადარჩენისთვის იბრძვის და საანგარიშო ტურში გასვლითი თამაში უშუალო კონკურენტ „მერსინთან“ ჩაატარა. ოქრიაშვილი მინდორზე 70-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ტაბლო 1:1 ანგარიშს აჩვენებდა. მატჩის ბოლოს ქართველი ნახევარმცველი არ შეუშინდა თამაშის საკუთარ თავზე აღებას და ეს ინიციატივა გამარჯვების გოლით დაგვირგვინდა.

ამ გამარჯვებით „ესკიშეჰისპორს” „სუპერლიგაში“ დარჩენის უმნიშვნელო, მაგრამ მაინც ერთგვარი შანსი გაუჩნდა.

იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურის მატჩის წინ „კაპრისა“ და „ემპოლის“ შორის ტოსკანელების მთავარმა მწვრთნელმა მარკო ჯამპაოლომ განაცხადა, რომ „სერია А“-ს დარჩენილ ოთხ მატჩში ლევან მჭედლიძე ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. შვეიცარიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ქართველ თავდამსხმელს თავისი უნარების გამოვლენის შანსი უნდა მიეცეს.

„ემპოლის“ ფორვარდმა შანსი მიიღო, მაგრამ მისი უნარებისა და ნიჭის დემონსტრირება 26-ე წუთზე დასრულდა, როდესაც მჭედლიძემ მეტოქისთვის იდაყვით განზრახ დარტყმისთვის პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.

უმცირესობაში დარჩენილმა „ემპოლიმ“ 0:1 წააგო და მტკიცედ განთავსდა მე-12 პოზიციაზე.

ჯაბა კანკავა - Sputnik საქართველო
გოგუას გოლი, ლორიას დაცვა, კაჭარავა კი - სკამზე

ზოგიერთი იტალიური საინფორმაციო საშუალების ინფორმაციით, მჭედლიძის დისკვალიფიკაცია მხოლოდ ერთი მატჩით არ შემოიფარგლება. ასეთ შემთხვევაში შეიძლება თამამად ვამტკიცოთ, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის სეზონი „სერია А“-ში დასრულდა და ფორვარდს სექტემბრის დალოდება მოუწევს, რათა „ემპოლის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის იბრძოლოს.

ყვითელი ბარათების სიუხვის გამო ვერ დაეხმარა საკუთარ გუნდს ჯაბა კანკავაც, რომელსაც საფრანგეთის ჩემპიონატში გაფრთხილებების მხრივ (11) მეორე ადგილი უჭირავს. პირველი ლიგის 35-ე ტურის მატჩში „რეიმსი“ „ნიცას“ შეხვდა და 0:2 წააგო.

ამ დამარცხების გამო კანკავას გუნდი გასავარდნ ზონაში — მე-18 ადგილზე გადავიდა.

კარგად ვერ მისდის საქმე გიორგი ჭანტურიას „დუისბურგსაც“. მან წინა თამაშებში ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა და გასავარდნ ზონაში თავისი მდგომარეობა ოდნავ შეიმსუბუქა, მაგრამ გერმანიის მეორე „ბუნდესლიგის“ 31-ე ტურში კვლავ დამარცხდა, ამჯერად „ფრაიბურგთან“.

ჩიხურა - ცხინვალი - Sputnik საქართველო
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. 26-ე ტურის ანონსი

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მინდორზე 84 წუთი გაატარა, ამის შემდეგ კი შეცვალეს. იმ დროისთვის „დუისბურგი“ უკვე 0:3 აგებდა.

რუსეთის ჩემპიონატში, რამდენიმე კვირის გაცდენის შემდეგ, „სპარტაკის“ ძირითად შემადგენლობაში ჯანო ანანიძე დაბრუნდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გამოჯანმრთელების შემდეგ 25-ე ტურის მატჩში „მორდოვიის“ წინააღმდეგ შესვენების შემდეგ გამოჩნდა.

ამ დროისთვის დედაქალაქის კლუბი 0:1 აგებდა, ხოლო ანანიძის გამოსვლამ „სპარტაკის“ შეტევები გააძლიერა. ქართველი ჰავბეკის მინდორზე გამოსვლამ თავისი ნაყოფი უკვე სამ წუთში გამოიღო. ბოკეტიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ათ წუთში მასპინძლები პრომისმა დააწინაურა. უპირატესობის შენარჩუნება „სპარტაკმა“ ვერ შეძლო და მატჩი 2:2 დამთავრდა.

ამ თამაშისთვის გამოცემა „სპორტ-ექსპრესმა“ ანანიძეს ექვსი ქულა მიანიჭა. უფრო ცუდად შეაფასა მასმედიამ „მორდოვიის“ მეკარის ნუკრი რევიშვილის თამაში. კარში ექვსი დარტყმიდან საქართველოს ნაკრების მეკარე ოთხს გაუმკლავდა, ამისთვის ის ხუთი ქულით შეაფასეს.

„სპარტაკი“ სატურნირო ცხრილის მეშვიდე ადგილზე განთავსდა, ხოლო „მორდოვია“ — ბოლოზე.

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ მეკარეს გიორგი ლორიას, რომელიც „კრილია სოვეტოვში“ თამაშობს, რუსეთის ჩემპიონატში ბოლო ორ მატჩში გოლი არ გაუშვია, მაგრამ საკუთარ მოედანზე „ურალის“ წინააღმდეგ თამაშში ეს მინი-სერია შეწყდა.

მიუხედავად იმისა, რომ ლორია მეტოქის დარტყმული ბურთის აღებას ვერანაირად ვერ შეძლებდა, „სპორტ-ექსპრესმა“ მის თამაშს საკმაოდ დაბალი შეფასება — 5,5 ქულა მისცა.

მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება 78-ე წუთზე შეძლეს. მატჩი 1:1 დამთავრდა. „კრილია სოვეტოვი“ ამ ფრეს წყალობით გასავარდნ ზონას რვა ქულით დაშორდა. 

ყველა ახალი ამბავი
0