თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. თბილისის „დინამო“ უკვე მზადაა, პირველმა გადაკვეთოს საფინალო ხაზი. ეს შეიძლება ამ ტურშიც მოხდეს, რომლის მატჩებიც 23 და 24 აპრილს უნდა გაიმართოს. ამისთვის საჭიროა, გასვლით მატჩში „კოლხეთს“ სძლიოს და ამავე დროს, „სამტრედიამ“, ასევე გასვლით თამაშში, „ჩიხურასთან“ წააგოს.
მაგრამ იმისთვის, რომ კონკურენტების შედეგებს არ დაელოდოს, იურაი იარაბეკის გუნდმა ხუთ მატჩში კიდევ ოთხი ქულა უნდა აიღოს. ქულების შევსებას „დინამო“ ფოთში გამგზავრებით დაიწყებს.
გასვლითი რეაბილიტაცია
გასულ ტურში თბილისის „დინამომ“ გასვლით თამაშში „ჩიხურასთან“ წააგო. ეს სამი ფაქტორით შეიძლება აიხსნას: ა) მასპინძლების მოტივაციით — ისინი ევროთასის ზონაში მოსახვედრად იბრძვიან; ბ) დედაქალაქის კლუბის გარკვეული მოდუნებით და გ) „დინამოს“ მზადებით საქართველოს თასის პირველი ნახევარფინალისთვის.
„კოლხეთი“, „ჩიხურასგან“ განსხვავებით, გლობალურ ამოცანებს უკვე აღარ წყვეტს. გავარდნის ზონიდან გუნდი მოშორებით დგას, ხოლო სატურნირო ცხრილის სათავისკენ წასვლა არანაირ საგრძნობ დივიდენდებს არ მოუტანს.
მიუხედავად ამისა, ფოთში გუნდს უკვე 27 თებერვლიდან აღარ წაუგია და ბრძოლის გარეშე დანებებას, თუნდაც უპირობო ლიდერთან, სავარაუდოდ, არ მოინდომებს.
ბრძოლა ევროპის ლიგისთვის
საქართველოს თასის ნახევარფინალის პირველი მატჩები იმგვარად წარიმართა, რომ ჩემპიონატის შედეგებით მეოთხე ადგილიც უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში მონაწილეობის უფლებას იძლევა. სავარაუდოდ, ერთი დამატებითი ადგილისთვის ბოლნისის „სიონი“ და საჩხერის „ჩიხურა“ იბრძოლებენ.
მანამდე კი საჩხერელმა ფეხბურთელებმა საანგარიშო ტურში „სამტრედიასთან“ გამოცდა უნდა ჩააბარონ. ეს კლუბი მეორე ადგილზე გადის და ზამთრის პაუზის შემდეგ მხოლოდ ერთხელ წააგო.
ამასთან, „ჩიხურამ“ საქართველოს თასის ნახევარფინალში თბილისის „დინამოსთან“ ანგარიშით 0:3 წააგო. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სოსო ფრუიძის გუნდმა ის მატჩი აშკარად „ეკონომ-რეჟიმში“ ითამაშა და ძალები ჩემპიონატის ბატალიებისთვის დაზოგა.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვიზიტი
„სიონი“, რომელიც ამჟამინდელი სეზონის შედეგებით ასევე ევროთასის პრეტენდენტია, 26-ე ტურში გასვლით მატჩს ქუთაისის „ტორპედოსთან“ გამართავს.
ეს მატჩი საინტერესო იქნება ორი მიზეზის გამო, პირველ რიგში, პირველ წრეში „სიონმა“ თავის მინდორზე სტუმრები ანგარიშით 6:2 გაანადგურა. ასეთი მტკივნეული „ალიყურის“ შემდეგ ქუთაისელებს, რა თქმა უნდა, რევანში სწყურიათ, თანაც, ბოლნისის კლუბს ქულები ჰაერივით სჭირდება.
მეორეც, მატჩზე დასწრებას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი აპირებს. სლოვაკი სპეციალისტის ჩამოსვლის გამო ორგანიზატორებმა შეხვედრის დასაწყისიც კი ერთი საათით — 18:00-დან 19:00-მდე გადაწიეს.
რა მიზანი აქვს ეროვნული გუნდის მთავარ მესაჭეს და კონკრეტულად ვისი ნახვა უნდა ვაისს, ჯერჯერობით უცნობია. ნათელია, რომ ამ ვიზიტის შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი მაისის ბოლოს გახდება, როდესაც საქართველოს ნაკრები საწვრთნელ შეკრებას ავსტრიაში გამართავს.
იმედი კვლავ ცოცხლობს?!
რომელი — კითხვისა თუ ძახილის ნიშანი იქნება აქტუალური აუტსაიდერი გუნდებისთვის, ცნობილი საანგარიშო ტურის მატჩების შემდეგ გახდება.
თუ „დინამო“ საფინალო ხაზს სადაცაა გადაკვეთს, „საპოვნელა“, „ზუგდიდი“ და „მერანი“ ყოველ მომდევნო ტურში რისკავენ, რომ იქამდე საერთოდ ვერ მივიდნენ. ეს გუნდები პირველი ლიგის „საუკეთესო“ კანდიდატები არიან.
26-ე ტურის შემდეგ მდგომარეობის ოდნავ გაუმჯობესება შეუძლიათ „მერანსა“ და „ზუგდიდს“. „მერანი“ „საბურთალოს“ უმასპინძლებს, რომელიც გასვლით მატჩებში ნამდვილად არ ბრწყინავს; ხოლო „ზუგდიდი“ ასევე საკუთარ მოედანზე თბილისის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება, რომელიც სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჟერარ სარაგოსა „ლოკომოტივსა“ და „მერანს“ შორის მატჩზე მომხდარი ინციდენტის გამო ჩემპიონატის ბოლომდე დისკვალიფიცირებულია.
ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია „საპოვნელა“, რომელიც გასვლით შეხვედრას საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონ გორის „დილასთან“ ჩაატარებს.
26-ე ტურის მატჩების ცხრილი:
23 აპრილი
„დილა“ – „საპოვნელა“
ბათუმის „დინამო“ – „შუქურა“
„ცხინვალი“ – „გურია“
„ზუგდიდი“ – „ლოკომოტივი“
„მერანი“ – „საბურთალო“
24 აპრილი
„ჩიხურა“ – „სამტრედია“
„კოლხეთი“ — თბილისის „დინამო“
„ტორპედო“ – „სიონი“