თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები უკვე ჩატარდა, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე საჩხერის „ჩიხურა“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა. მასპინძლებმა ანგარიში მე-15 წუთზე გახსნეს.
მიუხედავად გატანილი გოლისა „დინამოელებს“ თამაშის ტემპი არ დაუგდიათ, თუმცა ამის გატანილ გოლებში ასახვა მხოლოდ მატჩის მეორე ნახევარში მოახერხეს. „დინამო“ 57-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა დააწინაურა, ხოლო შეხვედრის საბოლოო შედეგი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა გიორგი ქვილითაიამ გააფორმა.
მეორე ნახევარფინალში, რომელიც მცხეთაში გაიმართა, თბილისის „ვით-ჯორჯია“ და ბოლნისის“ სიონი“ შეხვდნენ ერთმანეთს.
პირველი ნახევარფინალისგან განსხვავებით ორივე გუნდის თამაში თანაბარი ძალით წარიმართა და ანგარიშით 2:2 დასრულდა. მასპინძელთაგან გიორგი ვაზაგაშვილმა (45) და ზურაბ ღირდალაძემ (47) გამოიჩინეს თავი. სტუმართაგან კი ტაბლოზე საკუთარი გვარები ლუის ალბერტომ (21) და დომიტრო თათანაშვილმა (72) აანთეს.
ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრები 5 მაისს გაიმართება. საქართველოს თასის ფინალი კი 18 მაისს „დინამო არენაზე“ შედგება.