გოგუას გოლი, ლორიას დაცვა, კაჭარავა კი - სკამზე

© FB/ SDROFFICIELLEჯაბა კანკავა
ჯაბა კანკავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik საქართველოს“ სპორტული მიმომხილველი ნოდარ მაისურაძე ევროპისა და რუსეთის კლუბებში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების წარმატებებსა და წარუმატებლობაზე მოგითხრობთ.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ყველაზე დადებითი სიახლე ლეგიონერი ქართველი ფეხბურთელების შესახებ გასულ უქმეებზე ყაზახეთიდან მოვიდა. გოგიტა გოგუამ, რომელიც წლის დასაწყისში ყაზახეთის პავლოდარის „ირტიშში“ გადავიდა, კლუბში მყარად მოიკიდა ფეხი და მისი შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა.

მე-6 ტურში „ირტიშმა“ „აქტობთან“ მატჩი 1:1 ანგარიში დაამთავრა. 22-ე წუთზე გოგუამ პენალტის ზუსტი დარტყმით გუნდი დააწინაურა, მაგრამ გამარჯვების შენარჩუნება გუნდმა ვერ შეძლო და თამაშის ბოლოს ბურთი საკუთარ კარში გაუშვა.

გოგუამ ექვს ჩატარებულ მატჩში უკვე სამი გოლი გაიტანა და ამდენჯერვე თავის პარტნიორს ასისტენტობა გაუწია. საპასუხო ტურში ქართველი ნახევარმცველი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებასთან ძალზე ახლოს იყო, მაგრამ საბოლოოდ მეორე ადგილი დაიკავა.

რუსეთის ჩემპიონატი მორიგი „ქართული დერბით“ აღინიშნა. სარანსკის „მორდოვიასა“ და პერმის „ამკარს“ შორის შეხვედრაზე ერთმანეთს ნუკრი რევიშვილი და გიორგი ჯიქია დაუპირისპირდნენ.

რევიშვილი „მორდოვიის“ კარში პირველად 6 მარტის შემდეგ დადგა. მაგრამ უკვე 32-ე წუთზე ხასიათი თანამემამულეს ჯიქიამ გაუფუჭა — მან საჯარიმო მოედნიდან კარში ზუსტად დაარტყა.

მასპინძლებმა საპასუხო გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს.

გამოცემა „სპორტ-ექსპრესმა“ ქართველი მეკარის თამაში 5.5 ქულით, ხოლო ჯიქიას — 6.0 ქულით შეაფასა.

რევიშვილისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრების ძირითადი მეკარე გიორგი ლორია უკვე ზედიზედ მეორე მატჩია, საკუთარ კარში ბურთს არ უშვებს.

24-ე ტურში „კრილია სოვეტოვი“ მოსკოვის „დინამოს“ ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით — 1:0 გაიმარჯვა. მოსკოველებმა ლორიას კარში ოთხჯერ დაარტყეს, მაგრამ ოთხივეჯერ ლორია სათანადო სიმაღლეზე აღმოჩნდა. „სპორტ-ექსპრესმა“ ქართველი მეკარე 6.0 ქულით შეაფასა.

ამ წარმატების წყალობით კლუბი სამარიდან გავარდნის ზონას ცხრა ქულით დაშორდა.

„როსტოვის“ თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ კრასნოდარის „ყუბანთან“ გასვლითი შეხვედრა კვლავ სათადარიგოთა სკამზე გაატარა. სტუმრებმა ანგარიშით 1:0 მოიგეს და რუსეთის საფეხბურთო სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ.

მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე უკვე მეორე მატჩია, კლუბის განაცხადში არ ხვდება. ეს ქართველი ჰავბეკის მცირე უგუნებობამ განაპირობა. მთავარი მწვრთნელის დმიტრი ალენიჩევის განცხადებით, ანანიძე ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს უკვე შეუდგა.

ჰოლანდიის ჩემპიონატში კვლავ ცდილობენ ბრძოლას გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი.

© FB/ Vitessვაკო ყაზაიშვილი - "ვიტესი"
ვაკო ყაზაიშვილი - ვიტესი - Sputnik საქართველო
ვაკო ყაზაიშვილი - "ვიტესი"

31-ე ტურში გუნდმა არნემიდან საკუთარ მოედანზე „ჰერაკლესი მიიღო და მატჩი ფრე ანგარიშით — 1:1 დაასრულა. ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ კლუბის დახმარება ვერ შეძლეს.

„ვიტესი“ 13 თებერვლიდან თავის მოედანზე გამარჯვებას ვეღარ ახერხებს. შედეგად გუნდი უკვე მერვე ადგილზე დაეშვა.

ასევე კარგად არა აქვს საქმე „რეიმსს“, სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა თამაშობს. 34-ე ტურში „რეიმსმა გასვლით თამაშში „ტრუასთან“, რომელიც პირველი ლიგიდან უკვე „გავარდა“, 1:2 წააგო. შედეგად კანკავას გუნდი თვითონ მოხვდა „გავარდნის“ ზონის სიახლოვეს.

კანკავამ მინდორზე სრული 90 წუთი გაატარა და უნდა აღინიშნოს, რომ ამჯერად ყვითელი ბარათი არ მიუღია.

სამაგიეროდ, ყვითელი ბარათი ლევან მჭედლიძემ მიიღო, რომელიც იტალიურ „ემპოლიში“ თამაშობს. თავდამსხმელი მინდორზე 59-ე წუთზე გავიდა, როდესაც მისი გუნდი „ლაციოსთან“ უკვე 0:2-ს აგებდა.

მჭედლიძეს მატჩის შედეგზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია, მატჩი ასევე დამთავრდა — ანგარიშით 0:2.

ერთადერთი, რითიც საქართველოს ნაკრების ძირითადმა ცენტრალურმა ფორვარდმა დაგვამახსოვრა თავი, ყვითელი ბარათია, რომელიც მან შეხვედრის ბოლო წუთზე მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0