თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ბოტანიკური ბაღის ნაწილი მიითვისა.
„ნაცმოძრაობამ“ ჟურნალისტებს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოდან ამონაწერი წარუდგინა, რომლის თანახმად ბოტანიკური ბაღის საზღვრები შეცვლილია. საუბარია 40 ათას კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე, რომელიც ივანიშვილის რეზიდენციის გვერდითაა განთავსებული.
„დღეს ჩვენ გვაქვს უკვე დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემები, რის საფუძველზეც ბატონმა ივანიშვილმა მალულად, ქურდულად 4 ჰექტარი ტერიტორია წაართვა თბილსის ბოტანიკურ ბაღს და მიიერთა თავის რეზიდენციაზე”, — განუცხადა თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს.
ბოტანიკურ ბაღს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი ჰქონდა, ამიტომ ამ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები აკრძალული იყო, თუმცა, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ეს აკრძალვა მოიხსნა, განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა „ნაცმოძრაობიდან“ ირაკლი აბესაძემ.
მისი განცხადებით, ივანიშვილმა მთლიანობაში სარეკრეაციო ზონის 390 ათასი კვადრატული მეტრი მიითვისა.
„ათასობით ხე იჭრება და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინამ ახალი სახლის აშენება შეძლოს. ამ ადამიანს მხოლოდ სიხარბე ამოძრავებს და ეს უკვე სახიფათო მასშტაბებში გადაიზარდა“, — განუცხადა აბესაძემ ჟურნალისტებს.
ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისის მერისგან, დავით ნარმანიასგან უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებასა და ბოტანიკური ბაღისთვის წართმეული 40 ათასი კვადრატული მეტრის დაბრუნებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
რამდენიმე თვის წინ საქართველოში ივანიშვილთან და იშვითი ხეებისადმი მის სიყვარულთან დაკავშირებით სკანდალი აგორდა. შეკვეთილში დენდროლოგიური პარკის მოსაწყობად ივანიშვილმა სამი მრავალსაუკუნოვანი ხე შეუკვეთა, რომლებიც ციხისძირიდან უნდა ჩაეტანათ. ერთი ხის გადატანა ზღვითაც მოუხდათ. ამან ქართულ სოციალურ ქსელებში ბევრი ხუმრობა და ოპოზიციის კრიტიკა გამოიწვია.
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში უმდიდრესი ადამიანია. Forbes-ის რეიტინგში, ივანიშვილს 2016 წელს 4,8 მილიონი აშშ დოლარით 298-ე ადგილი უკავია.