თბილისი, 28 თემერვალი — Sputnik. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მათმა მომხრეებმა თბილისში მრავალფუნქციური კომპლექს „პანორამა თბილისის“ პროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.
50 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტი „პანორამა თბილისი“ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეიქმნა. პროექტი, რომელიც თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, თბილისის ცენტრში ოთხი ახალი კომპლექსის აგებას ითვალისწინებს — მსხვილ ტურისტულ და ბიზნესცენტრებს, რომლებიც ერთმანეთთან საბაგიროებითა და შუშის ლიფტებით იქნებიან დაკავშირებული.
აქციის მონაწილეებმა თეატრალიზებული მსვლელობა გამართეს, რომელთა მთავარი მოწოდება იყო „არა პანორამას!“ მათი მოთხოვნა ორპუნქტიანი იყო: პირველი — პროექტის მშენებლობის აკრძალვა და მეორე — პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა, რომლის ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს დამტკიცდა აღნიშნული პროექტი.
„ჩვენ დილიდანვე შევიკრიბეთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ხელისუფლებას — ყველაფერს აქვს საზღვარი. ეს პროექტი ერთი ადამიანის ნებით ხორციელდება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ჰქვია. ყველა ეს ბიზნეს-პროექტები, გაუგებარი სკვერები და უცნაური შენობები მხოლოდ მისი ინიციატივით შენდება. გარდა იმისა, რომ ამ მშენებლობით ქალაქის ისტორიული ნაწილი დაზიანდება, ჩვენ უნდა ვუყუროთ თუ როგორ აისრულებს ივანიშვილი თავის არანორმალურ სურვილებს“, — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
„ეს პირველი აქცია არაა, რომელსაც ვმართავთ. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს. აქ ის ადამიანები არიან შეკრებილნი, რომლებმაც თავიანთი საქმე კარგად იციან — არქეოლოგები, ექსპერტები და ყველა ერთხმად აცხადებს, რომ ამ კომპლექსის მშენებლობა „ძველი თბილისის“ ტერიტორიაზე დაუშვებელია“, — განაცხადა“პარტიზანი-მებაღეების“ წევრმა გიორგი ლომინაძემ.