სამშაბათს მსოფლიო რადიაციული ავარიების მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს

© photo: Sputnik / Алексей Фурман / გადასვლა მედიაბანკშიაქცია
აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რადიაციული ავარიებისა და კატასტროფების მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე 26 აპრილს აღინიშნება. 1986 წელს სწორედ ამ დღეს მოხდა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ХХ საუკუნის უმსხვილესი ტექნოგენური კატასტროფა.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკზე აფეთქება უსაფრთხოების ერთ–ერთი სისტემის პროექტის გამოცდისას მოხდა მოსკოვის დროით 01 საათზე 23 წუთსა და 40 წამზე.

აფეთქების შედეგად სრულად დაიშალა აქტიური ზონა და რეაქტორის შენობის ზედა ნაწილი. ძლიერ დაზიანდა სხვა ნაგებობებიც. განადგურდა უსაფრთხოების ბარიერები და სისტემები, რომლებიც გარემოს ბირთვულ საწვავში წარმოქმნილი რადიონუკლეიდებისგან იცავდა.

დაზიანებული რეაქტორიდან ბირთვული საწვავის დაშლის პროდუქტების გამოტყორცნა დღე-ღამეში მილიონობით კიურის ოდენობით, მთელი ათი დღე გრძელდებოდა, რის შემდეგაც მისი დონე მკვეთრად დაეცა (ათასჯერ) და კლება განაგრძო.

ჩერნობილი - Sputnik საქართველო
„სტალკერ–ტური“: ბელარუსის გაუცხოების ზონა ჩერნობილის ავარიის შემდეგ

ავარიის შედეგად რადიოაქტიურად დაბინძურდა ევროპის 17 ქვეყნის ტერიტორიები — 207,5 ათასი კვადრატული კილომეტრი, აქედან დაახლოებით 60 ათასი კვ კმ — ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ. მნიშვნელოვნად დაბინძურდა უკრაინა, ბელორუსია და რუსეთის ევროპული ნაწილი.

რუსეთში რადიაცია 14 რეგიონს მოედო, სადაც დაახლოებით 3 მლნ ადამიანი ცხოვრობდა.

ჩერნობილში დაბინძურებულმა ღრუბლებმა რადიაცია არა მარტო ევროპის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში გადაიტანა, არამედ იგი ასევე დაფიქსირდა კანადაში, იაპონიასა და აშშ–ში. დაბინძურებას მხოლოდ დედამიწის სამხრეთ ნახევარსფერო გადაურჩა.

ჩერნობილის ავარია, პირდაპირ თუ ირიბად, მილიონობით ადამიანს შეეხო. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სხვადასხვა დონის რადიაცია მიიღო.

რისკის ჯგუფში იყო ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალი, ავარიის ლიკვიდატორები, ევაკუირებული ხალხი და დაბინძურებული ტერიტორიების მოსახლეობა. უკრაინის, ბელორუსიისა და რუსეთის დაახლოებით 8,4 მლნ მოსახლემ რადიაციული დასხივება მიიღო, დაბინძურებული ტერიტორიებიდან ასობით ათასი ადამიანი გაიყვანეს.

უშუალოდ ავარიის დროს მწვავე დასხივება მიიღო ატომური სადგურის 300 ათასზე მეტმა თანამშრომელმა და მეხანძრემ. აქედან 371–ს პირველად დიაგნოზად „მწვავე სხივური დაავადება“ დაუდგინდა, ხოლო 28 კაცი ავარიიდან მოკლე ხანში, რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.

მანამდე სამი ადამიანი დაიღუპა მეოთხე ენერგობლოკზე უშუალოდ აფეთქების მომენტში.

ბელორუსი ჟურნალისტის წიგნი ჩერნობილის შესახებ ქართულად ითარგმნა - Sputnik საქართველო
ბელორუსი ჟურნალისტის წიგნი ჩერნობილის შესახებ ქართულად ითარგმნა

ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში 600–800 ათასი ადამიანი ჩაერთო, აქედან დიდი ნაწილი სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ. ისინი დანგრეული მეოთხე ენერგობლოკის თავზე „საფარის“ აგებაში, ატომური სადგურის ტერიტორიის დეზაქტივაციაში, ჩერნობილის გაუცხოებისა და დროებითი განსახლების ზონებში მიმდინარე სამუშაოებში, ქალაქ სლავუტიჩის მშენებლობასა და სხვ. მონაწილეობდნენ.

ლიკვიდატორთა ყველაზე დიდი ჯგუფი ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებზე იყო დასაქმებული და მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ავარიული ვითარება აღარ იყო, მათ მაინც მიიღეს რადიაციის მნიშვნელოვანი დოზა.

კატასტროფის შედეგების ლიკვიდატორებმა საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად შეძლეს აღეკვეთათ მომაკვდინებელი რადიოაქტიური ნივთიერებების შემდგომი გავრცელება.

დსთ–ის წევრი ქვეყნების ლიდერებმა 2001 წელს სამიტზე გადაწყვიტეს, წინადადებით მიემართათ გაეროსთვის, რომ 26 აპრილი რადიაციული ავარიებისა და კატასტროფების მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო.

2003 წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა ამ წინადადებას და მას შემდეგ ყოველ 26 აპრილს  შესაბამისი ღონისძიებები იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0