ელენა ვასილევა, Sputnik–ბელარუსი
ჟურნალისტებმა გზად ბევრი იხალისეს – „ღამე გავანათებთ“, „ნაღდი სტალკერები ვართ“ და მისთანებზე, შემდეგ კი ხუმრობების მარაგი ამოეწურათ და ახლა უხმოდ ელოდებიან, რომ სპეცტანსაცმელში გამოწყობისა და პოლესიის რადიაციულ ნაკრძალში რადიოაქტიური მტვრის ჩასუნთქვის უფლება მისცენ.
საშიში ზონისკენ მიმავლებს არც ერთი მანქანა არ შეგვხვედრია. ერთადერთმა ირემმა გადაგვირბინა, რომელსაც არაფერი ანომალური არ ეტყობოდა.
სპეციალური საშვის გარეშე საკონტროლო პუნქტის გავლა შეუძლებელია. გაუცხოების ზონის ჭიშკარი წელიწადში ერთხელ იღება, როდესაც ხალხი წინაპართა ხსოვნის დღეს მათი საფლავების მოსანახულებლად მოდის.
ჟურნალისტები კომპიუტერული თამაშებისა და ფილმების ხედებისა და უჩვეულო ცხოველების სანახავად მოემზადნენ, მაგრამ „ახალი სახეობები“ ხან პრჟევალსკის ცხენი გამოდგა, რომლებიც ექსპერიმენტის მიზნით ჩაასახლეს გაუცხოების ზონაში, და ხანაც დათვი.
ზონიდან უმთავრესი მტაცებლის — ადამიანის წასვლის შემდეგ აქ ცხოველები მრავლდებიან და გათავისუფლებულ ტერიტორიებსაც ისინი იკავებენ. ნაკრძალის თანამშრომლები ცხოველთა პოპულაციაზე რადიაციის ზემოქმედებას სწავლობენ, მაგრამ სენსაციური განცხადებების გაკეთებას ვერ ახერხებენ, ვინაიდან ცხოველები დიდხანს ვერ ცოცხლობენ და სწავლულებს დრო არ ჰყოფნით დაადგინონ, განიცადა თუ არა მუტაცია, მაგალითად, ადგილობრივმა მგელმა.
„ბალახზე სიარული აკრძალულია“
„სკოლაში გამოსაშვები საღამოს გარეშე დავრჩით. ავარია წინა დღეს მოხდა. მე ნათესავებთან გამგზავნეს ვიტებსკში და სანამ ჩვენი მშობლები სამხედრო ნაწილებთან ერთად დეზაქტივაციაზე მუშაობდნენ, ჩვენ ყველანი უკან დაბრუნებას ველოდით“, — გვიყვება დეზაქტივაციის სადგურის თანამშრომელი. ჩვენ კი ადგილზე ვდგავართ და ვცდილობთ გავერკვეთ, რით განსხვავდება გამაფრთხილებელი ბანერის აქეთა მხარის ჰაერი იქითა მხარის ჰაერისგან, რომელსაც აწერია – „ფრთხილად, რადიაციული საფრთხე!“
„უფრო სუფთა რაიონში წასვლა არ გიფიქრიათ?“ — ვეკითხებით სადგურის თანამშრომელს. თან სპეცფორმას ვიცვამთ, რომელიც არაფრით არ ჰგავს ფილმებსა და კომპიუტერულ თამაშებში ნანახს — ეს ჩვეულებრივი კომუფლაჟი და კეპია.
„ამბობენ, თუ ავარიიდან პირველ ხუთ წელიწადში არ წახვედი არსად, მერე სჯობს, ამაზე აღარც იფიქროო. ბევრი გვიან წასული უკვე გარდაიცვალა, ორგანიზმი ახალ გარემოს ვერ შეეგუა. იმათ შორის კი, ვინც დარჩა, დღეგრძელებიც კი არიან. თანაც საშიშროებაც ისეთი დიდი აღარ არის — მთელი რადიაცია ხომ ნიადაგში ჩავიდა, ზედა ფენა კი კარგა ხანია მოხსნეს და დეზაქტივაცია ჩაატარეს. ასე რომ, აქ ცხოვრება უკვე შეიძლება“, — ამბობს ნაკრძალის თანამშრომელი, რომლისთვისაც ჩვენთვის ეგზოტიკური სტალკერ-ტური ბოლო 30 წლის ყოველდღიურობაა.
გეზს სოფელ ბობიჩისკენ ვიღებთ, რომელიც ჩერნობილის ატომური სადგურიდან ოცდაათიოდე კილომეტრში მდებარეობს და უკან შეძახილები მოგვყვება: „ღვეზელები წაიღეთ და ბალახზე არ იაროთ!“
რადიაცია „ინსტაგრამისთვის“
სკოლისდროინდელი ფორმულირება მახსენდება: რადიაციას არ აქვს ფერი, გემო და სუნი. დოზიმეტრი გვამცნობს, რომ აქაურობა ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილი არ არის, მაგრამ ამის გაცნობიერება რთულია, რადგან გრძნობათა ორგანოები არაფერს გვეუბნება. ის კი არა, რადიაციული ნარჩენების სამარხებსაც ღრმად პასტორალური იერი აქვს. ერთადერთი, რაც უჩვეულოდ გვეჩვენება, ეს შარშანდელი ხელუხლებელი ვაშლის ხეებია, რომლებზეც ჯერ კიდევ შერჩენილა ხილი.
დოზიმეტრი გვაჩვენებს, რომ რადიაცია აქ დასაშვებ დონეს ასჯერ აღემატება, იქვე, ორ ნაბიჯში კი — ორასჯერ.
„სასაფლაოს გვერდით საწვავისგან დარჩენილი ლაქაა, სადაც რადიაციის დონე ათასჯერ მეტია დასაშვებზე“, — გვეუბნება გამცილებელი და ერთ–ერთი ბლოგერი სასაფლაოსკენ გარბის, რომ უხილავ ლაქას ფოტო გადაუღოს და „ინსტაგრამზე“ ატვირთოს წარწერით: „რადიაცია საშიში არ არის“.
თავიდან ზუსტად მივყვებოდით ბილიკებად დაგებულ ფიცარნაგს. მერე კი, როცა ბუკოლიკურ ხედებს მივეჩვიეთ — ნაკრძალის თანამშრომლების სახლთან ალუბლები ყვავის და კატები და ძაღლები ნებივრობენ — რადიოაქტიურ ბალახზე ჩავდივართ რაკურსის მოსაძებნად. ერთ–ერთი ჟურნალისტი აღფრთოვანებული მორბის და მიწაწაყრილ 1981 წლის „კომსომოლსკაია პრავდას“ მოაფრიალებს.
„თქვენს ძაღლებს ტკიპები ჰყავთ. გეთქვათ და რაიმე სპეციალურ შამპუნს წამოგიღებდით“, — წუხს ერთი ბლოგერი. რადიაციისგან განსხვავებით ტკიპა ხილული და ხელშესახები საფრთხეა.
ყველაზე აქტიურები 32-მეტრიან ანძაზე ადიან, საიდანაც კარგ ამინდში ჩერნობილის რეაქტორი მოჩანს. ქარი მიწიდან რადიაქტიურ მტვერს ხვეტს და ბლოგერები არც თუ უკმაყოფილოდ აღნიშნავენ, რომ ეს მოგზაურობას ერთგვარ დრამატიზმს სძენს.
„იმ ფანჯარაში თოჯინა ზის. შემზარავია და იდეალური!“ — რამდენიმე ჟურნალისტი კარგ კადრს ხედავს და მძღოლს ავტობუსის სკოლასთან გაჩერებას სთხოვს. ინტუიცია კარნახობთ, რომ მიტოვებულ სკოლაში დრამატიზმის ოპტიმალური დონე იქნება.
სკოლა მოლოდინს ამართლებს და „გვჩუქნის“ რვეულებს, ჭადრაკის ფიგურებსა და დაფაზე დატოვებულ წარწერებს — „მეორე ჩერნობილს არ დავუშვებთ!“
ფანჯრებზე ჰაიდნისა და დეკარტის ფოტოებია გამოფენილი, მერხებზე „კარნახის“ საწერად გამზადებული, გადაშლილი რვეულები ალაგია. მეექვსე კლასელებისთვის ევაკუაციას სახელზმნის შესწავლის მომენტში მიუსწრია, უმცროსკლასელებისთვის — ინგლისური ანბანის შესწავლისას… ბროშურებიდან ლენინი გვიქნევს ხელს, იატაკზე გაბნეულ ჭადრაკის ფიგურებში რადიაციის ზონა რვაჯერ აღემატება ნორმას.
აქ არის სიცოცხლე
„ჩერნობილის აფეთქებისთანავე ჩატარდა დეზაქტივაცია, ნიადაგი აიღეს, სახლები გარეცხეს, ახლა ყველაფერი კეთდება ტერიტორიის ასაღორძინებლად“, — გვეუბნებიან სადგურის თანამშრომლები, რომლებიც ბოლო რამდენიმე ათეული წელია, სწორედ დაბინძურებული ტერიტორიების აღორძინებაზე მუშაობენ.
„საცხოვრებლად უვარგისი ტერიტორია ჰქვია და ნახეთ, ყველა სახლის წინ როგორი ლამაზი ყვავილნარებია გაშენებული“, — აღფრთოვანებით შენიშნა ერთმა ჟურნალისტმა.
ქალაქში ახალი საცხოვრებელი სახლები შენდება. ახლად გარემონტებული „ევროოპტი“ თითქოს მიგვანიშნებს, რომ აქ სიცოცხლე არის. იმისდა მიუხედავადაც კი, რომ რაიონის 99 დასახლებული პუნქტიდან 37 დაბა და სოფელი დაცარიელდა, 11 მათგანში კი სულ ათამდე კაცი ცხოვრობს — ისინი, ვინც მოულოდნელად საშიშად ქცეული სამშობლოდან შორს ცხოვრებას ვერ შეეგუვნენ.
„ტელეფონებსაც კი აქვს გამოსხივება, მაგრამ ხომ სარგებლობთ?“ — ფილოსოფიურად იჩეჩავს მხრებს ნაკრძალის თანამშრომელი.
ტურიზმი ზონაში
როგორც არ უნდა უმნიშვნელოდ წარმოადგინონ აქ გამეფებული საფრთხე, ის მაინც აშკარაა. რაიონის მთავარი ექიმი ამბობს, რომ ჩერნობილის ავარიამდე რაიონში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ახლა კი მკვეთრადაა მომატებული.
ნაკრძალის დირექტორის თქმით, კატასტროფით მიღებულმა სტრესმა პირველ დღეებში რადიაციაზე ნაკლები ზიანი როდი მიაყენა ხალხს. ევაკუაციის შემდეგ ბევრს გული გაუსკდა, ბევრმა თავი მოიკლა…
ვითარებას კიდევ მეტად ამძიმებდა ინფორმაციის არქონა მომხდარის შესახებ. რა მოხდა, პრაქტიკულად, არავინ იცოდა.
არიან ისეთებიც, ვინც რადიაციის საძებნელად თავისი ნებით მიდიან.
„დროდადრო სტალკერები გვსტუმრობენ. ზონაში კი შემოდიან, მაგრამ გასვლით ვეღარ გადიან. ამიტომ შუაღამეზე საგანგებო სამსახურს იძახებენ და სთხოვენ, ტყეში ვართ დაკარგულები და გვიპოვეთო. თუ აქაურობას არ იცნობ, ტყეში იოლად აგებნევა გზა. ერთმა ჩემმა ნაცნობმა ორი დღე და ღამე იხეტიალა. შევიდოდა ცარიელ სახლში, რვეულებს მოძებნიდა, ამოიკითხავდა სად იყო და ისევ აგრძელებდა გზას“, — ამბობს ნაკრძალის თანამშრომელი.
ჟურნალისტთა შორის ერთი ბლოგერი აღმოჩნდა, რომელიც რამდენიმე დღით ადრე გაუცხოების ზონის უკრაინულ ნაწილში ყოფილა, ოღონდ, არალეგალურად.
„გამცილებელს მხოლოდ ზონაში შეჰყავხარ, იქიდან უკან თავად უნდა გამოხვიდე. ზონაში რამდენიმე დღე–ღამე გავატარეთ, ღამეებს კორპუსების სახურავზე ვათევდით…“ — გვიამბო ბლოგერმა.
მალე ჯგუფი ეკოლოგიურად სუფთა ადგილზე გავიდა და ნაკრძალის თანამშრომლებს ისეთი ტურების მოწყობა შესთავაზა, რომლის დროსაც ატომური სადგურის ახლოდან ნახვა იქნება შესაძლებელი, „ოღონდ, ხანმოკლე, რომ სახიფათო და საშიში არ იყოს. პარალელურად ირმებზე საფარის მოწყობა და ნადირობაც შეიძლება“.