ის, რისთვისაც ჯერ კიდევ გაზაფხულის დასაწყისიდან ემზადებოდნენ, 24 აპრილს მოხდა. საქართველოს ჩემპიონატის XXVI ტურში თბილისის დინამოელებმა გასვლაზე 3:1 ანგარიშით „კოლხეთს“ მოუგეს და პირველობის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე ჩემპიონობა მე-16-ჯერ გაიფორმეს.
იმაში, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა, ეჭვი არავის ეპარებოდა და ჩემპიონობას უფრო ადრე მიიღებდნენ. მაგრამ ზამთრის შესვენების შემდეგ იურაი იარაბეკის აღსაზრდელებს შორეული კონკურენცია „სამტრედიას“ ფეხბურთელებმა გაუწიეს, რომლებმაც ეროვნულ პირველობაში გამარჯვების მათემეტიკური შანსიც კი ამ ტურში საბოლოოდ დაკარგეს.
ჩემპიონთა მსვლელობა
მთელი სეზონის განმავლობაში „დინამო“ ისეთ თამაშს აჩვენებდა, რომელიც მეტოქეთა თამაშზე ერთი, ხანაც ორი თანრიგით უფრო მაღალი იყო. იურაი იარაბეკის აღსაზრდელებმა ჩემპიონის მატჩის ბედი პირველი ტაიმის სასტარტო 25 წუთში გადაწყვიტეს. მე-13-ე წუთზე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა გიორგი ქვილითაიამ პენალტი განახორციელა და პირველობაში თავისი მე-20-ე გოლი გაიტანა. 24-ე წუთზე კი სტუმრების უპირატესობა ჯაბა ჯიღაურმა გაორმაგა.
თბილისელები არ დამშვიდნენ და მეტოქის კართან სახიფათო მომენტების შექმნა განაგრძეს, როგორც პირველ ტაიმში, ასევე მეორეში. მაგრამ გოლის გატანა მხოლოდ 71-ე წუთზე შეძლეს. თავი რენემ გამოიჩინა. „კოლხეთის“ ერთ-ერთი შეტევა, რომელიც არაფერს არ წყვეტდა, 11-მეტრიანით დასრულდა. ომარ გოგონაიამ არ ააცილა და შეხვედრის საბოლოო შედეგი დაამყარა.
ტიტულის თანაავტორი
„დინამოს“ ვადამდელი ტრიუმფი არ იქნებოდა, რომ არა „ჩიხურა“, რომელიც დედაქალაქის გუნდის წარმატების უნებლიე თანაავტორი გახდა.
ახლანდელ სეზონში საჩხერეს ფეხბურთელებს საკუთარ მოედანზე გაშვებული გოლების რაოდენობის მიხედვით ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ. „სამტრედიასთან“ შეხვედრამდე სამსონ ფრუიძის აღსაზრდელებმა მხოლოდ სამი (!) გოლი გაუშვეს. დასავლეთ საქართველოს მოკრძალებული გუნდისათვის ეს ფენომენალური მაჩვენებელია.
თანაც, „ჩიხურას“ შემდეგ სეზონში ევროპის ლიგაში თავისი ძალების მოსინჯვის უნიკალური შესაძლებლობა გაუჩნდა. ამისათვის გუნდმა მეოთხე ადგილი უნდა შეინარჩუნოს.
ამ მოტივაციით და დაცვით „ჩიხურამ“ „სამტრედიასთან“ ნამდვილი ბრძოლა გამართა, და შეხვედრა ფრედ დაასრულა —1:1.
32-ე წუთზე მასპინძლებიიმის მერე დაწინაურდნენ, რაც ბიძინა ცინცაძე მინდვრიდან გააძევეს, ხოლო გიორგი ჭანკოტაძემ 11-მეტრიანი განახორციელა.
მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები ერთი საათი უმცირესობაში თამაშობდნენ, მათ ანგარიშის გასათანაბრებლად თავის თავში ძალები იპოვეს. ინდივიდუალური ოსტატობით გივი იოსელიანმა გაიბრწყინა, როდესაც 75-ე წუთზე საჯარიმო მოედნიდან გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში ორივეს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ საბოლოოდ ფრემ „სამტრედიას“ ჩემპიონატში გამარჯვების შანსი დააკარგვინა და „ჩიხურას“ ევროთასის ზონაში გამაგრების საშუალება მისცა.
ხელის შეშლა
ბოლნისის „სიონი“, რომელიც „ჩიხურას“მეოთხე ადგილისთვის ებრძვის და შესაბამისად უეფას ევროპის ლიგისთვის, „ტორპედოსთან“ ქუთაისიდან სტუმრად ჩამოვიდა და „გადაუხდელი ვალი“ მიიღო. პირველ წრეში „სიონმა“ გაანადგურა სტუმრები და 6:2 ანგარიშით მოუგო. „ტორპედოს“ რევანშის აღება უნდოდა და მათ ეს გამოუვიდათ. თამაშში ბევრი სახიფათო მომენტი არ იყო, და ბედი 85-ე წუთზე გიორგი კუხიანიძის ერთადერთმა ზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა. მატჩს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ესწრებოდა, მაგრამ ვის აკვირდებოდა სლოვაკი სპეციალისტი, უცნობია.
შვიდი გოლი და ორი დუბლი
საანგარიშო ტურში ყველაზე მომგებიან პოზიციაში „მერანის“ ფეხბურთელები იყვნენ. სახლში, მარტვილში, მათ თბილისის „საბურთალო“ მიიღეს, რომელსაც ახლანდელ სეზონში გასვლითი თამაში არ გამოსდის. მაგრამ ნებისმიერ წესს გამონაკლისი აქვს. გუნდებმა სულ შვიდი გოლი გაიტანეს და ყველაზე შედეგიანი მატჩი აჩვენეს. ხუთი გოლი თბილისელი სტუმრების ანგარიშზეა — დუბლით თავი გურამ გოშთელიანმა გამოიჩინა. კიდევ ერთი დუბლის ავტორი მასპინძელთა თავდამსხმელი ბესიკ ჩიმაკაძე გახდა.
რაც შეეხება პირველობის ორ სხვა აუტსაიდერს, „საპოვნელამ“ „დილასთან“ წააგო1:3, ხოლო „ზუგდიდმა“ „ლოკომოტივთან“ ფრე ითამაშა1:1 ანგარიშით. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირების სიის თავში ისევ თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი გიორგი ქვილითაიაა, რომელმაც ამ ტურში მე-20-ე გოლი გაიტანა. მეორე ადგილს 15 გოლით ბუდუ ზივზივაძე („სამტრედია“) და ოთარ მარცვალაძე („დილა“) იყოფენ.
XXVI ტურის მატჩის შედეგები
"დილა" — "საპოვნელა" 3:1
ბათუმის „დინამო“– "შუქურა" 2:2
"ცხუნვალი" — "გურია" 0:0
"ზუგდიდი" — "ლოკომოტივი" 1:1
"მერანი" — "საბურთალო" 2:5
"ჩიხურა" — "სამტრედია" 1:1
"კოლხეთი" —თბილისის „დინამო“1:3
"ტორპედო" — "სიონი" 1:0
XXVII ტურის მატჩები 30 აპრილს ჩატარდება.