საქართველოში „გერმანული ენის თვე“ იწყება

გამოწერა
„გერმანული ენის თვის“ განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება - ლიტერატურული საღამოები, სპექტაკლები და კონცერტები გაიმართება.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. თბილისში 26 აპრილს ოფიციალურად გაიხსნება „გერმანული ენის თვე“, რომელიც საქართველოში უკვე მეოთხედ ჩატარდება, განუცხადა Sputnik-ს საქართველოში გერმანიის საელჩოს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

პროექტი „გერმანული ენის თვე“ 3 ივნისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ახალციხეში გერმანული ენისა და კულტურისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გერმანიამ საქართველო, შესაძლოა, „უსაფრთხო ქვეყნების“ ჩამონათვალში შეიყვანოს

„გერმანული ენის თვე“ გერმანული ოთხკაციანი ჯგუფის GANKINO CIRCUS-ის კონცერტით გაიხსნება. ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარდგება. ისინი ხალხურ სიმღერებს შეასრულებენ.

მუსიკოსები ასევე ასრულებენ უკრაინულ, სერბულ, ყაზახურ, სომხურ, იტალიურ და ფრანგულ ფოლკლორულ სიმღერებს. კონცერტი კახა ბაკურაძის „მოძრაობის თეატრში“ 19:30 საათზე დაიწყება.

მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში კი 6-8 მაისს გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერლის ნინო ხარატიშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „მრისხანება“ გაიმართება.

ქართველ მწერალს 8 მაისს ქართულ-გერმანული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გივი მარგველაშვილის (ქართველ-გერმანელი მწერალი, ფილოსოფოსი და ენათმეცნიერი) სახელობის პრემიით დააჯილდოებენ. თავისი ახალი რომანით „მერვე სიცოცხლე“ მწერალმა გერმანელ მკითხველს საქართველო და მისი ისტორია გააცნო, აღნიშნეს გერმანიის საელჩოში.

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში 11 მაისს ჩატარდება გალა-კონცერტი და საუკეთესო სტუდენტების დაჯილდოება.

პროექტის ფარგლებში 11-13 მაისს თბილისის ქუჩებში კონკურსი „პოეტური გეოქეშინგი“ მოეწყობა. წინასწარ შერჩეულ ადგილებზე დამალული იქნება სტიკერები გერმანული ლექსებით. კონკურსში მონაწილეებმა უნდა იპოვონ ეს ლექსები, გადაიღონ ფოტო ან ვიდეო სტიკერების წინ და ატვირთონ Facebook–ის საკუთარ გვერდზე. ის, ვინც ქულების ყველაზე მეტ რაოდენობას მოაგროვებს, გამარჯვებულად ჩაითვლება.

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გერმანია საქართველოს ინოვაციური პროექტებისთვის 140 მილიონ ევროს გამოუყოფს

ლიტერატურული საღამოების მოყვარულებს ცნობილ ავსტრიელ მწერალ ლუდვიგ ლაჰერთან შეხვედრა განსაკუთრებით დააინტერესებთ. შეხვედრა 16 მაისს მწერალთა სახლში გაიმართება. ის თავისი წიგნებიდან ფრაგმენტებს წაიკითხავს. 21 მაისს გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, სადაც ყველა მსურველი გერმანიასა და ავსტრიაში სწავლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობა.

პროექტი ხორციელდება ინიციატივის „სამი ქვეყანა — ერთი ენა“ ფარგლებში. მისი ორგანიზატორები არიან გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოები თბილისში, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), გოეთეს ინსტიტუტი, ავსტრიის ბიბლიოთეკა თბილისში და საზღვარგარეთ სასკოლო სწავლების გერმანიის ცენტრალური უწყება (ZfA).

ყველა ახალი ამბავი
0