თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი არ დაუშვებს პოლიციის დისკრედიტაციასა და დაკნინებას.
ამ სიტყვებით გამოეხმაურა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი 23 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჟურნალისტი პოლიციელთა მხრიდან ბათუმში მოქალაქეების დაკავებისას ძალის გადამეტების შესახებ საუბრობს.
„საყურადღებოა, რომ აღნიშნული ვიდეომასალა არ ასახავს დღევანდელობას. ის გადაღებულია საპატრულო პოლიციის რებრენდინგამდე. ვიდეოში კარგად ჩანს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ძველი ფორმები აცვიათ“, — ნათქვამია გიორგი მღებრიშვილის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მინისტრის სიტყვებით, ბოლო პერიოდში ძალზე გააქტიურდა მიზანმიმართული შეტევა პოლიციის იმიჯზე. განცხადებაში შს მინისტრი აღნიშნავს, რომ თითოეული პოლიციელის მხრიდან გადაცდომის შესაძლო ფაქტი პირად კონტროლზე აქვს აყვანილი.
„მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვაცხადებ, რომ მიმდინარეობს ქვეყნის პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია! მე არ დავუშვებ ჩვენი პოლიციელების დაკნინების მცდელობას! არ დავუშვებ, რომ ჩემი კოლეგები, ადამიანები, რომლებიც საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ყოველ დღე რისკის ქვეშ აყენებენ, რათა კეთილსინდისიერად შეასრულონ თავიანთი მისია — დაიცვან ყოველი ჩვენგანის უსაფრთხოება — გახდნენ სისტემატური თავდასხმისა და მორალური ზეწოლის მსხვერპლნი“, — აღნიშნულია განცხადებაში.
მინისტრის სიტყვებით, უწყება არასდროს ყოფილა საზოგადობასა და დასავლურ სტანდარტებზე ისე ორიენტიერებული, როგორც დღეს. 2012 წელს ხელისუფლებაში ახალი ძალის მოსვლის შემდეგ, ღირებულებების ძირეული გადაფასება მოხდა და ქვეყნის პოლიცია დეპოლიტიზებული გახდა.
უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სწორედ მის ინტერესშია შსს-ს 38 ათასიან კოლექტივში ის ადამიანები გამოვლინდნენ, რომლებიც სისტემას ზიანს აყენებენ. ამასთანავე, მზადაა თითოეული იმ კეთილსინდისიერი პოლიციელის გვერდით დადგეს, რომელიც მუხლჩაუხრელად მუშაობს მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისთვის.
„ჩემო დებო და ძმებო, პოლიციელებო, მე მჯერა თქვენი და მსურს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა! ჩვენ ვალდებულები ვართ, დავდგეთ უფრო მაღლა, ვიდრე მავანთა არაკეთილსინდისიერი მიზნებით განხორციელებული პროვოკაციებია და პირნათლად მოვიხადოთ ჩვენი ვალი ქვეყნისა და ხალხის წინაშე”, — ნათქვამია გიორგი მღებრიშვილის განცხადებაში.