თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. მსოფლიოში შიდა და გარე ლტოლვილთა რაოდენობა 64 მილიონზე მეტია, განაცხადა საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის საპატიო წევრმა გარეტ ევანსმა ერევანში გამართულ Aurora Dialoguеs-ის დისკუსიის დროს, იუწყება „Sputnik სომხეთი“.
„დღეს ადამიანთა გადაადგილება მსოფლიოში უფრო მეტია, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს — 48 მილიონი შიდა ლტოლვილი და 16 მილიონი გარე ლტოლვილი“, — აღნიშნა ევანსმა.
მისის სიტყვებით, გადაადგილებული პირების მეოთხედზე მეტი სირიის, ერაყისა და სამხრეთ სუდანის კონფლიქტებზე მოდის.
ამ რაოდენობიდან ნახევარზე მეტი ლტოლვილად სამი კონფლიქტის — სირიის, ავღანეთისა და სომალის კონფლიქტების შედეგად იქცა. ხოლო სირიაში კონფლიქტი, რომელმაც 260 ათასიდან 400 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ამ დრომდე გრძელდება.
ევანსის განმარტებით, მაგალითად, აშშ-ში დაახლოებით 100 ათასი ლტოლვილი გადავიდა, თავად სირიაში კი მილიონი ადამიანი შიდა ლტოლვილად იქცა.
„დღეს დაახლოებით 13,5 მილიონი სირიელი ამა თუ იმ ფორმით დაცვასა და დახმარებას საჭიროებს. დასავლეთმა ლტოლვილების 95% არ მიიღო, თუმცა მათ საზღვარი იორდანიამ, ლიბანმა და თურქეთმა გაუხსნა, რამაც ამ ქვეყნებში დიდი პრობლემები გამოიწვია“, — დასძინა ევანსმა.
როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო თანამეგობრობა შექმნილ პარალიზებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.
ევანსის განცხადებით, კონფლიქტების საკითხი პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს.